ლომი, სახელად კრისტიანი — ისტორია ადამიანისა და ცხოველის მეგობრობაზე

1960-იანი წლების ბოლოს ორი ახალგაზრდა — ჯონ რენდალი და ენტონი „ეისი“ ბურკი — ლონდონის უნივერმაღში გასაყიდად გამოყვანილ ლომის ბოკვერს წააწყდნენ. ცხოველის მდგომარეობით შეწუხებულებმა ბოკვერი იყიდეს, კრისტიანი დაარქვეს და საკუთარ ბინაში გაზარდეს. ის, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა, ნამდვილი მეგობრობისა და თავგადასავლების არაჩვეულებრივი ისტორიაა, რომელზეც მსოფლიო დღესაც საუბრობს.

ახალგაზრდები ლონდონში, ავეჯის მაღაზიის თავზე ცხოვრობდნენ. კრისტიანი სახლში მიყვანიდან მალევე გახდა ყველასათვის საყვარელი მეზობელი. სამივე მათგანი ერთად დადიოდა ქალაქში და ადგილობრივ პარკებში სეირნობდა. რასაკვირველია, მათ ლონდონელების ყურადღება მალე მიიპყრეს. ადამიანები იხიბლებოდნენ ლომის დანახვით, რომელიც ადამიანებთან ერთად სეირნობდა.

ხალხმრავალ და ხმაურიან ქალაქში ლომის გაზრდა ძალიან რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯონი და ენტონი მათ საყვარელ ოთხფეხა მეგობარს მაქსიმალურად უქმნიდნენ შესაბამის გარემოს და ძალიან უყვარდათ კიდეც, ქალაქში ლომის ყოლა თანდათან უფრო მეტ პრობლემას აჩენდა. როდესაც კრისტიანი გაიზარდა, ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ ლონდონი მისთვის შესაფერისი ადგილი აღარ იქნებოდა და ლომის მომავალ ცხოვრებაზე დაიწყეს ფიქრი.

საერთო მეგობრების მეშვეობით, ჯონმა და ენტონიმ  გაიცნეს ჯორჯ ადამსონი, რომელიც კენიაში ლომებთან მუშაობდა. ადამსონის ხელმძღვანელობით, მათ მოახერხეს კრისტიანის დაბრუნება ველურ ბუნებაში, კორას ეროვნულ ნაკრძალში. ამგვარად, 1971 წელს კრისტიანი კენიაში გააფრინეს, სადაც მან ბუნებრივ ჰაბიტატთან ადაპტაციის პროცესი დაიწყო.

მალე კრისტიანი კომფორტული გრძნობდა თავს თავის ახალ გარემოცვაში. ჯონსა და ენტონის გაუხარდათ, როცა გაიგეს, რომ ის ველურ ბუნებას მშვენივრად შეეგუა, მაგრამ მაინც ენატრებოდათ ძველი მეგობარი. ერთი წლის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, კენიაში ლომის მოსანახულებლად წასულიყვნენ, მაგრამ არ იცოდნენ, ემახსოვრებოდა თუ არა კრისტიანს ისინი.

როდესაც ჯონი და ენტონი კორას ნაკრძალში მივიდნენ, თანამშრომლებმა თავიდანვე გააფრთხილეს, რომ შესაძლოა, ლომს ისინი ვერ ეცნო, რადგან მთლიანად ადაპტირებულიყო ველურ გარემოსთან და თავისი ძველი მეგობრები დიდი ხნის განმავლობაში არ ენახა. თუმცა, როდესაც კრისტიანი ჰორიზონტზე გამოჩნდა და ძველ მეგობრები იცნო, სიხარულით გაიქცა მათკენ.

ეს მომენტი მათ შორის არსებული ღრმა კავშირის დადასტურება გახლდათ. კრისტიანმა ძველი მეგობრები თავის ახალ ოჯახსაც (მასთან ერთად მცხოვრებ ლომებს) გააცნო.

ამ შეხვედრის შემდეგ ჯონმა და ენტონიმ დატოვეს კენია და კრისტიანს საშუალება მისცეს, გაეგრძელებინა ცხოვრება ველურ ბუნებაში. ამის მერე მეგობრებს ერთმანეთი აღარ უნახავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები