2023 წელს საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 223.8 ლარით, 1 766.8 ლარამდე გაიზარდა
2023 წელს საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 14.5 პროცენტით ანუ 223.8 ლარით გაიზარდა და 1 766.8 ლარი შეადგინა.
შესაბამის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი იყო ისეთ დარგებში, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 858.5 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 27.2 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 3 215.2 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 17.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 506.5 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 9.7 პროცენტით).
უწყების ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 425.4 ლარით, ხოლო კაცების – 2 099.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 177.7 ლარი, ანუ 14.2 % შეადგინა, ხოლო კაცებში – 272.9 ლარი, ანუ 14.9%.