„ხელისუფლებამ, კეთილი ინებოს და ევროსაბჭოს რეკომენდაციები შეასრულოს“

„ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭოს რეზოლუციის შესრულებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ევროსაბჭოს წინა რეზოლუციების პათოსი არაფრით განსხვავდება იმ პათოსისგან, რომელიც ახალი ხელისუფლების დროს შედგენილ რეზოლუციაშია. აღნიშნული განცხადება ნაჭყებიამ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში სოციალური ცდილობენ, პოპულარიზება გაუკეთონ აზრს, რომ თითქოს ევროსაბჭო „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.
„თუ ვინმეს სურს, ევროსაბჭო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად წარმოაჩინოს, ნამდვილად არ გამოუვა. იყო ასევე განცხადებები, რომ ევროსაბჭო მკვლელების მხარდამჭერია და არ უნდათ ასეთი ევროპა. ევროსაბჭოს ძველ რეზოლუციებში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მედიაში და მართლმსაჯულებაში სერიოზული პრობლემებია. ძალიან მწვავედ არის შეფასებული „იმედში“ შეჭრის ფაქტი, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა და გაცემული იყო უამრავი რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ევროსაბჭოს წინა რეზოლუციების პათოსი არაფრით განსხვავდება იმ პათოსისგან, რომელიც ახალი ხელისუფლების დროს შედგენილ რეზოლუციაშია. ევროპა თავისუფლების, თანასწორობის, დემოკრატიის საზომია და ის არ მიგიღებს, თუ შენ ამ მოთხოვებს არ აკმაყოფილებ. ამიტომ, ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ევროსაბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულოს“,- აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ. დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტში მოხვდა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი, ასევე მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა.
როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, ასამბლეა მიესალმება საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას, რომელიც მიუხედავად პოლარიზებული და დაძაბული საარჩევნო გარემოსი, დემოკრატიული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იყო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებას თან სდევდა პოლარიზებული და ანტაგონისტური პოლიტიკური კლიმატი, განსაკუთრებით მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და “ქართული ოცნების” კოალიციური მთავრობის კოჰაბიტაციის პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები