მეტეხის ციხიდან მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში — გიორგი ნაკაშიძის ისტორია

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ–ფედერალისტი, ფილოსოფიისა და სამართლის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ნაკაშიძე 1894 წლის 25 ივლისს  ოზურგეთში დაიბადა. დაწყებითი განათლება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო. შემდეგ 1922 წლის დეკემბრამდე, თბილისის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1921 წლის თებერვალში მისი მეთაურობით შექმნილი მოხალისეთა სტუდენტური რაზმი იბრძოდა თბილისის მისადგომებთან. 1922 წ. დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. იგი იმ 62 პატიმარს შორის მოხვდა, რომელთაც საბჭოთა ხელისუფლებამ გერმანიაში წასვლის უფლება მისცა, გერმანიაში საქართველოს ელჩის, ვლადიმერ ახმეტელის დიდი მცდელობის შემდეგ.

1922 წლის ბოლოს გიორგი ნაკაშიძე დანარჩენ ქართველებთან ერთად უკვე გერმანიაშია. ევროპაში იგი სწავლობდა ჯერ ჰაიდელბერგის, შემდეგ პრაღის უნივერსიტეტში. იყო 1925 წ. ვარშავაში დაარსებული საზოგადოება „პრომეთეს“ წევრი. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1930-იან წლებში ხელმძღვანელობდა ბერლინის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას. 1932 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გიორგი ნაკაშიძემ პოლონეთის რადიოში ქართულ ენაზე წაიკითხა მოხსენება „საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა XIX საუკუნის ქართულ მწერლობაში“. 1933 წ. ვარშავის უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ქართული ენის ლექორატი.

1934 წ. ვარშავაში ქართულმა კომიტეტმა შექმნა ახალგაზრდული კავშირი, რომლის მიზანი იყო ქართული ენის შემსწავლელი კურსების შექმნა ბავშვებისა და უფროსებისათვის. გიორგი ნაკაშიძე ყოველ შაბათ–კვირას ლექციებს კითხულობდა ქართულ ლიტერატურაზე. პარალელურად, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პერიოდიკაში, ასევე ევროპულ გამოცემებში, სამეცნიერო კრებულებში. 1937 წელი ემიგრაციაში შოთა რუსთაველის წლად გამოცხადდა, ვარშავაში ზეიმით აღნიშნეს რუსთაველის იუბილე. საორგანიზაციო კრებას გიორგი ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა. მან პოლონეთის აკადემიაში წაიკითხა მოხსენება „შოთა რუსთაველი და საქართველო“ და დიდი დახმარება გაუწია პოლონელ ლობოდოვსკის „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნაში. იგი კავკასიის კომიტეტთან ერთად ცდილობდა, პატიმრობიდან დაეხსნა გრიგოლ ფერაძე, თუმცა უშედეგოდ. 1944 წელს როდესაც ბოლშევიკები პოლონეთს მიუახლოვდნენ, გიორგი ნაკაშიძემ მოახერხა და გერმანელებისგან მიიღო ნებართვა პოლონეთში მყოფი ქართველების გერმანიაში გადაყვანის შესახებ და ამით ქართველთა ერთი ნაწილის გადარჩენა შეძლო.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გიორგი ნაკაშიძე მეუღლესთან ერთად  მიუნხენში ცხოვრობდა და ამ პერიოდში კავკასიელთა წარმომადგენელი იყო 1946 წ. მიუნხენში შექმნილ ლტოლვილთა კომიტეტში.  მოგვიანებით არგენტინაში გადავიდა საცხოვრებლად, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი, ამერიკაში დამკვიდრდა. 1948 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიწვიეს ლექციების წასაკითხად. 1960-66 წლებში ნიუ–იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში ასწავლიდა ქართულ ენას. შემდეგ კი 1973 წლამდე ვაშინგტონში, ამერიკის კათოლიკურ უნივერსიტეტში ეწეოდა ქართველოლოგიურ და კავკასიოლოგიურ-სამეცნიერო მოღვაწეობას.

1960 წ. გიორგი ნაკაშიძემ გივი ზალდასტანიშვილთან ერთად აშშ–ის კონგრესის კომიტეტში ჩვენება–მოხსენება მისცა საქართველოში ხრუშჩოვის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ. განსაკუთრებით აღინიშნა 1956 წ. მარტის მოვლენები. აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ე.წ. „არაამერიკულ მოქმედებათა კომიტეტმა“ გამოსცა წიგნაკი – „ხრუშჩოვის ბოროტმოქმედებანი“.

1974-78  წ. გიორგი ნაკაშიძე ჰარვარდის უნივერსიტეტის გამგეობის მიწვევით მუშაობდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის არქივის დამუშავებასა და კატალოგიზაციაზე: ჩაატარა არქივის კლასიფიკაცია და ინგლისურ ენაზე შეადგინა სრული კატალოგი.

გიორგი ნაკაშიძე სრულყოფილად ფლობდა გერმანულ, ინგლისურ, პოლონურ, რუსულ, ჩეხურ, უკრაინულ და სხვა სლავურ ენებს. მან თარგმნა და ინგლისურ ენაზე გამოსცა ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“.

სიცოცხლის ბოლო წლები გიორგი ნაკაშიძემ ცნობილი ემიგრანტის, ალექსანდრე ცომაიას მეუღლის, ელზა მდივნის (დედით ნაკაშიძე) მზრუნველობის ქვეშ გაატარა და 1990 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა ნიუ–იორკში. ამერიკის ქართულმა სათვისტომომ გიორგი ნაკაშიძე ნიუ–იორკის მახლობლად დაკრძალა.

1990 წლის ზაფხულში, ამერიკაში გასრტროლებზე იმყოფებოდა ანსამბლი „რუსთავი“. მის ხელმძღვანელს დაუკავშირდნენ იქ მცხოვრები ქართველები და გადასცეს გიორგი ნაკაშიძის პირადი არქივი, რომელიც საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები