ზურაბ აბაშიძე: ოპოზიციისთვის ძალიან ძნელი იქნება იმ რეალობის მიღება, რომ დამარცხდებიან ამ საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზიცია ამისთვის განწირულია
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, უჩვეულოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და ეს არის წინაპირობა იმისა, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება.
„ქვეყანაში არსებობს დემოკრატიულ პრინციპებზე აწყობილი ყველა სტრუქტურა, რომლებიც ხელს უწყობს მშვიდობიან, სამართლიან, გამჭვირვალე პირობებში არჩევნების ჩატარებას. ამას ხედავენ ჩვენი მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ვის უჭერს მხარს. ქვეყანაში არის გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების წინაპირობა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ოპოზიციის მარცხი გარდაუვალია.
„ჩვენი ოპონენტები ემზადებიან არჩევნების შემდგომი დღეებისთვის, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან. მათთვის ძალიან ძნელი იქნება იმ რეალობის მიღება, მაგრამ ოპოზიცია ამისთვის განწირულია. ყველა პარტია, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ე.წ. ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფია. ეს ნათელია! ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.