აშშ-ის პორტებში დასაქმებულთა სამდღიანი გაფიცვა დასრულდა – თანამშრომლებს ხელფასის 62%-იან მომატებას დაჰპირდნენ
აშშ-ის პორტებში თანამშრომლების სამდღიანი გაფიცვა დასრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პორტის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა.
შრომის საერთაშორისო ასოციაციაში განაცხადეს, რომ პროფკავშირებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის საზღვაო ალიანსთან ხელფასების ზრდის შესახებ, რის შედეგადაც, დასაქმებულთა გაფიცვა იანვრამდე შეჩერდა.
ორივე მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან, რათა გადაჭრან არსებული პრობლემები.
პორტებში 45 000 თანამშრომელი იყო გაფიცული, რაც 1977 წლის შემდეგ, პირველი მასშტაბური გაფიცვა გახდა, რომელიც ყველა სახის პროდუქტის იმპორტსა და ექსპორტზე აისახა.
პორტის ადმინისტრაციის ცნობით, მხოლოდ ნიუ-იორკის პორტებში გადმოტვირთვას 100 ათასამდე კონტეინერი ელოდებოდა.
წინა კონტრაქტით, პორტის თანამშრომელთა საშუალო ხელფასი საათში 20-დან 39 დოლარამდე მერყეობდა, რაც დამოკიდებული იყო დასაქმებულის გამოცდილებაზე. ამ ეტაპზე კი შეთანხმება ითვალისწინებს ხელფასების, სულ მცირე, 62%-იან ზრდას.