დავით მათიკაშვილი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმომწერთა რაოდენობა ადასტურებს, რომ განცხადების სულისკვეთებას ამ ორგანოს უმეტესობა არ იზიარებს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმომწერთა რაოდენობა ადასტურებს, რომ განცხადების სულისკვეთებას ამ ორგანოს უმეტესობა არ იზიარებს.
„მსგავსი განცხადებები და რეზოლუციები ადრეც გვინახავს. იყო შინაარსისგან გამოცლილი ბრალდებები, რომლებზეც ძალიან მალე გაცემულა პასუხი, თუმცა შემდგომ საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს. ეს იქნებოდა ვითომ პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი, თუ სხვა საკითხები. არის ეს მიდგომები, რომლებიც შემდგომ არ მართლდება. ამიტომ, ყველა მხარეს მოვუწოდებ, მაქსიმალურად ღია და ზუსტები იყვნენ საქართველოსთან, მის კონსტიტუციურ ორგანოებთან და ცესკო-სთან მიმართებით, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით დაკომპლექტებული თანამშრომლებით გამოირჩევა.
რადიკალური ოპოზიციისთვის წინასაარჩევნოდ მაშველი რგოლების გადაგდება პირველი არ არის, ეს ქართულ პოლიტიკაში ხშირად გვინახავს. ხელმომწერთა რაოდენობა კიდევ მეტად ადასტურებს, რომ, რეალურად, განცხადების სულისკვეთებას ამ ორგანოს უმეტესობა არ იზიარებს. უამრავი მიმართულებით წამყვანი ქვეყანა ვართ, ევროკავშირის ქვეყნებს წინ ვუსწრებთ და ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, მიუღებელია მოცემულობის სიცრუით გაჯერება, თითქოს რაღაც გავლენებზეა საუბარი“, – აღნიშნა დეპუტატმა.