როგორ ცხოვრობდნენ გლეხები შუა საუკუნეებში — ისტორია ბრძოლასა და გამძლეობაზე

შუა საუკუნეებში ევროპის მოსახლეობის უმეტესობა გლეხი იყო. მათი ცხოვრება ხასიათდებოდა შრომისმოყვარეობით, სოციალური იერარქიითა და შეზღუდული უფლებებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, ფეოდალური ეკონომიკისა და საზოგადოების შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლსაც სწორედ თავად ასრულებდნენ.

შუა საუკუნეების გლეხები, როგორც წესი, მიწაზე მუშაობდნენ და პირუტყვს ზრდიდნენ. მათი უმეტესობა ყმა იყო და ადგილობრივი ბატონის დაქვემდებარებაში ცხოვრობდა. გლეხებს ბატონის მამულში მუშაობა მოეთხოვებოდათ, რის სანაცვლოდაც, თავიანთი ოჯახებისთვის დამატებით პატარა მიწის დამუშავების საშუალება ეძლეოდათ.

გლეხის დღე გამთენიისას იწყებოდა და შებინდებისას მთავრდებოდა. მათი საქმე იყო შრომატევადი და  სეზონის მიხედვით იცვლებოდა. გაზაფხულზე მინდვრებს ხნავდნენ და ნათესებს რგავდნენ: ხორბალს, ქერს, შვრიას და ა.შ. ზაფხულში ისინი მინდვრებს უვლიდნენ, ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში მოსავალს კრეფდნენ და ზამთრისთვის ემზადებოდნენ საკვების შენახვითა და პირუტყვის მოვლით.

მიწათმოქმედების გარდა, გლეხები ხშირად ეუფლებოდნენ სხვადასხვა ხელობას; მუშაობდნენ საცხობში, ლუდსახარშში ან სხვა დაწესებულებებში, რათა თავიანთი შემოსავალი გაეზარდათ. თუმცა, მათ ცოტა თავისუფალი დრო ჰქონდათ და თავისუფალ წუთებს, როგორც წესი, სათემო ღონისძიებებზე ან რელიგიურ დღესასწაულებზე ატარებდნენ.

შუა საუკუნეების სოციალური სტრუქტურა იერარქიული გახლდათ, გლეხები კი, ამ იერარქიის ბოლოში იმყოფებოდნენ. ისინი ცხოვრობდნენ ფეოდალური სისტემის ქვეშ, სადაც მეფე აძლევდა მიწას დიდებულებს, რომლებიც, თავის მხრივ, თავიანთ მიწაზე მომუშავე გლეხებს აკონტროლებდნენ. ყმებს მცირე უფლებები ჰქონდათ და ნებართვის გარეშე, არ შეეძლოთ მამულის დატოვება. ისინი იხდიდნენ ქირას მოსავლის ნაწილის სახით, რის გამოც, ოჯახების გამოსაკვებად მხოლოდ მცირედი რჩებოდათ.

გლეხი დაუცველი იყო. მას მუდმივი საფრთხე ემუქრებოდა მკაცრი ამინდის, დაავადებების თუ ომის პირობებში. შესაძლოა, მოსავალი განადგურებულიყო და ამას მთელი ოჯახის შიმშილი მოჰყოლოდა. შავმა ჭირმა, რომელმაც ევროპა მე-14 საუკუნის შუა ხანებში მოიცვა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა, რამაც მკვეთრად იმოქმედა სოციალურ დინამიკაზე.

მიუხედავად გაჭირვებისა, შუა საუკუნეების გლეხებს საკმაოდ ძლიერი სათემო კავშირები ჰქონდათ. სოფლები მჭიდროდ იყო შეკრული და კომუნალური საქმიანობა გადარჩენისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გლეხები ერთად იკრიბებოდნენ სეზონურ ფესტივალებზე, რელიგიურ დღესასწაულებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე, რაც ხელს უწყობდა მათი იდენტობის გაძლიერებასა და ერთიანობის განცდას.

გლეხთა აჯანყება

რელიგია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა შუა საუკუნეების გლეხების ცხოვრებაში. უმეტესობა ღრმად რელიგიური გახლდათ და რეგულარულად ესწრებოდა საეკლესიო რიტუალებს. ადგილობრივი ეკლესია ხშირად ამა თუ იმ დასახლების ცენტრს წარმოადგენდა, რომელსაც, სულიერი მხარდაჭერის გარდა, სოციალურ მხარდაჭერის ფუნქციაც ჰქონდა.

გვიან შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რამაც თანდათან გლეხების ცხოვრების შეცვლა დაიწყო. ქალაქების ზრდამ და ვაჭრობის განვითარებამ ვაჭრების კლასის აღზევება გამოიწვია, რაც ფეოდალური სისტემისთვის ერთგვარ პრობლემად იქცა. ქალაქების გაფართოებასთან ერთად, სამუშაოს პოვნა უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

ინგლისში 1381 წელს გლეხთა აჯანყება მოხდა. ეს მნიშვნელოვანი აქტი გახლდათ კაბალური გადასახადებისა და ფეოდალური სისტემის წინააღმდეგ, რაც დაბალი კლასების მზარდ უკმაყოფილებაზე მიუთითებდა. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყება ჩაახშვეს, ამ პროცესმა ხაზი გაუსვა გლეხობასა და თავადაზნაურობას შორის არსებულ დაძაბულობას და საფუძველი ჩაუყარა მომავალ სოციალურ ცვლილებებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები