თბილისის საკრებულოში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ქალთა იშვიათი პროფესიები“
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით გაიმართა ღონისძიება „ქალთა იშვიათი პროფესიები“ – გენდერული ბარიერების გარეშე, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში დაიგეგმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ამავე პროგრამის განმახორციელებელი ოთხი პროფესიული სასწავლებელი:კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“; კოლეჯი „მერმისი“; კოლეჯი „სპექტრი“; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა.
„მოხარული ვარ ვუმასპინძლოთ თბილისის საკრებულოში ქალბატონებს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ და დღევანდელ ღონისძიებას უკვე ესწრებიან როგორც იშვიათი პროფესიის წარმომადგენლები. მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს „ქალთა იშვიათი პროფესიების“ არჩევანის წახალისებას და ამ პროფესიების პოპულარიზაციას. ამის დასტურია თქვენი აქ ყოფნა, იმ ქალბატონების, რომელთაც შეძლეს პროფესიულ განათლებასა და კარიერულ განვითარებაში გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრა“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თინათინ ნიბლოშვილმა გენდერული თანასწორობის პრინციპებზე ისაუბრა.
„გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა ეფუძნება გენდერული თანასწორობის პრინციპებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მომავალი, როდესაც პროფესიები განისაზღვრება ინდივიდის უნარებითა და საქმის სიყვარულით და არა სქესით. დარწმუნებული ვარ, თქვენ მიერ შეძენილმა უნარებმა და ცოდნამ შეიძლება მოიტანოს ინოვაციური სიახლეები და ცვლილებები, რომლებიც სარგებელს მოუტანს მთლიანად საზოგადოებას. ეს არის თქვენი შანსი, იყოთ პროგრესის სათავეში“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
დასასრულს კურსდამთავრებულებს გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელით მხარდაჭერის სიმბოლური ბარათები გადაეცათ. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.