ჰამბურგში, რკინიგზის მთავარი სადგური დაკეტეს. მიზეზი სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციაა.
პოლიციამ რკინიგზის სადგური მას შემდეგ გადაკეტა, რაც მგზავრებს ლეტალური ვირუსის, მარბურგის სიმპტომები გამოუვლინდათ, რომლისთვისაც ვაქცინა არ არსებობს.
სადგურიდან საავადმყოფოში ორი სტუდენტი გადაიყვანეს. დაინფიცირებულებს რუანდაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ჰამბურგის სოციალური დაცვის ორგანოების ცნობით, ორი ადამიანიდან ერთი ცოტა ხნის წინ რუანდის საავადმყოფოში მუშაობდა, სადაც ვირუსით ინფიცირებული ადამიანები მკურნალობდნენ.
მატარებელში ორ მგზავრთან ერთად 200-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
”ახლა უნდა გავარკვიოთ, შეიძლებოდა თუ არა, ისინი ასეთ მოკლე დროში დაინფიცირებულიყვნენ” – თქვა ჰამბურგის სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მარბურგის შემთხვევები სწორედ აფრიკის ცენტრში მდებარე ქვეყანაში დაადასტურა. სულ დაფიქსირებულია 26 ფაქტი, აქედან 8 გარდაცვალება. მარბურგი იშვიათი და სასიკვდილო ვირუსია, რომელიც იგივე ოჯახს მიეკუთვნება, როგორც ებოლა. ჯანმოს მონაცემებით, ინფიცირებულთა 24-დან 88 პროცენტამდე გარდაცვალება ფიქსირდება.