ინდოეთში, ქალაქ ჰატრასში, დირექტორმა სკოლის კეთილდღეობისთვის ჩატარებული მაგიური რიტუალის დროს, 11 წლის მოსწავლე მსხვერპლად შესწირა,- ამის შესახებ The Times of India წერს.
გამოცემის თქმით, მსხვერპლი დელიში მცხოვრები პროგრამისტი, კრიშან კუშვახის ვაჟია. ბავშვი სკოლასთან არსებულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. კუშვახს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მისი შვილი კრიტარტჰი ავად გახდა. მამა ჰატრასში ჩავიდა, თუმცა შვილი ვერსად იპოვა. მოგვიანებით მოსწავლეებმა უთხრეს, რომ დირექტორმა – დინეშ ბაგელმა ბავშვი საკუთარი ავტომობილით საავადმყოფოში წაიყვანა.
ბიჭის მამამ პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა მალევე აღმოაჩინეს ბაგელის ავტომობილი, რომელშიც კრიტარტჰის ცხედარი იპოვეს. ბიჭს კისერზე დახრჩობის კვალი ეტყობოდა.
ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომელმაც დაადგინა, რომ დირექტორს „ტანტრული რიტუალების“ სწამს და მან მამამისთან და სკოლის სამ მასწავლებელთან ერთად ბიჭი დაახრჩო, მკვლელობის შემდეგ კი მაგიური რიტუალი ჩაატარეს.
მკვლელობაში ყველა ეჭვმიტანილი დაკავებულია.