ირაკლი კობახიძე – ხელისუფლება მომავალშიც, ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს მიიღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად
ხელისუფლება მომავალშიც, ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს მიიღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც გამოცემა „ჰილში” იან კელისა და დევიდ კრამერის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიას ეხებოდა, სადაც სანქციების დაწესებაზეა საუბარი, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს შანტაჟის ერთგვარი ფორმაა.
„კელი და კრამერი ვინც არიან ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოში. მათ ასეთ მოწოდებებს არავითარი ფასი არ აქვს. ისინი არიან ჩვეულებრივი ე.წ. გარე ექსპერტები და პერიოდულად აკეთებინებენ ასეთ განცხადებებს. ეს არის შანტაჟის ერთგვარი ფორმა, ასეთ შანტაჟს ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება ჩვენს ხელისუფლებაზე. ხელისუფლება მომავალშიც, ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს მიიღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად”, – განაცხადა პრემიერმა.