დიმიტრი პესკოვი – “ოლაფ შოლცთან ჩვენი ურთიერთობები ნულამდეა დაყვანილი”
გერმანიის მხრიდან ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გამართვის თხოვნა არ ყოფილა, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვი გერმანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
პესკოვმა აღნიშნა, რომ გერმანიის მხრიდან მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა.
მისივე თქმით, 2022 წლის დეკემბრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინს ოლაფ შოლცთან კონტაქტი არ ჰქონია.
„როგორც ასეთი, საერთო თემები არ არსებობს, ჩვენი ურთიერთობები, პრაქტიკულად, ნულამდეა დაყვანილი და ეს ჩვენი ინიციატივით არ მომხდარა“, – აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა.