პროკურატურამ დუშეთში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა 7 აპრილს, დუშეთში, დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 7 აპრილს, დუშეთში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის საფუძველზე, დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.