Euronews-ი საქართველოში გამართულ მსოფლიო ტურიზმის ღონისძიებას ვრცელ სტატიას უძღვნის
საქართველომ მსოფლიო ტურიზმის ღონისძიებას, თემატიკით: „ტურიზმი და მშვიდობა“ პირველად უმასპინძლა. მასშტაბურ მოვლენას მსოფლიო მედია ეხმაურება.
გლობალური მნიშვნელობის ღონისძიების ფარგლებში, საქართველო გავლენიანი ევროპული მაუწყებლობის, Euronews-ის ობიექტივში მოექცა.
ჟურნალისტი ლოტი ლიმბი წლევანდელი მსოფლიო ტურიზმის დღის თემად მშვიდობის შერჩევის მოტივაციაზე წერს: „საქართველოს ისტორია სახელგანთქმულია მისი დაპყრობის მცდელობებით. ამ ქვეყანაში მისასალმებელი სიტყვა, ”Gamarjoba“, ითარგმნება, როგორც „იყავი გამარჯვებული“. საქართველოსთვის ჩვეული მოვლენაა მტრის შემოსევა, შესაბამისად, სიმბოლურია მშვიდობის თემატიკის მატარებელი მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლად საქართველოს ამორჩევა“.
სტატიაში საუბარია მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების კონკრეტულ როლზე- გამოავლინოს ტურიზმის, როგორც მშვიდობის დამყარების და კულტურული ურთიერთგაგების კატალიზატორის ფუნქცია.
ჟურნალისტი იშველიებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის სიტყვებს: „ მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედი კონფლიქტურ არეალში ცხოვრობს. უმრავლესობას პირადად გვაქვს გამოცდილი ომით მიღებული საშინელი შედეგები. ეს უარყოფითი გავლენა საომარ ზონებს მიღმაც კი გავრცელდა“.
Euronews-ის ჟურნალისტის თქმით, საქართველო ტურისტებისთვის, ამომავალი ვარსკვლავია ქვეყანა არ წყვეტს სტუმრების გაოცებას საკუთარი ბუნებით და კერძებით.
ავტორი სტატიაში ურთავს ზურაბ პოლოლიკაშვილის სიტყვებს:-“ტურიზმის სექტორი ყველაზე ჰუმანურია. ყველა მოგზაურობა ქმნის კავშირებს, ტურიზმი კი აერთიანებს და ერთმანეთთან აახლოებს ხალხს. ტურიზმი ნდობის და ურთიერთპატივისცემის მაშენებელია.“
მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება თბილისში გაიმართა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და სექტორის პროფესიონალები ეწვივნენ.
მსოფლიო ტურიზმის დღე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს იმართება.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.