ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 9 თვის ბიუჯეტი 115.2 %-ით შეასრულა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 115.2%-ით ანუ 339.9 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2 მილიარდ 579.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 339.9 მლნ ლარით მეტია.
სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 255.8 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2024 წლის 9 თვის გეგმებს გადააჭარბეს სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა – 1 558.4 მილიონი ლარი (გეგმის 121%), სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა – 584.8 მილიონი ლარი (გეგმის 105%), შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 393.5 მილიონი ლარი (გეგმის 110%), შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 35.9 მილიონი ლარი (გეგმის 126 %).