„იმპერატორის ბაღი“ – იური ბერიშვილის გამოფენა გაიხსნება
5 ოქტომბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იური ბერიშვილის გამოფენა – „იმპერატორის ბაღი“ გაიხსნება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, იური ბერიშვილი ქართული ვიზუალური ხელოვნების უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურაა და მისი მხატვრული გზავნილები მდიდარი მასალაა როგორც ქართული მხატვრობის განვითარების გზაზე, ისე – ზოგადად, გამოსახულების შესაძლებლობების, მისი საზღვრების ძიებისა და ახალი ინტერპრეტაციებისთვის.
„მხატვრობა მოგზაურობაა, მოგზაურობა შიშველი ფეხებით უმიზეზო ლანდშაფტებსა და უდროობაში… უდროობა კი – აბსტრაქციაა“, – წერს იური ბერიშვილი.
მის ნამუშევრებში მოუხელთებელია ის ზღვარი, სადაც ფიგურალური მეტყველება გადადის აბსტრაქტულში და პირიქით. შესაძლოა, ზუსტად ამ გარდამავალ ნიუანსებში ვლინდება მისი, როგორც მხატვრის, ხედვის განსაკუთრებულობა, როცა ის ფორმას თავისებურად განაზოგადებს, ან მის სქემატიზაციამდე მიდის.
იური ბერიშვილმა 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მხატვარს არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონდა საქართველოში, ბელგიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, რუსეთში, ინგლისში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში; თბილისის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში; ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის კოლექციაში; ნენსი და ნორტონ დოჯების კოლექციაში ზიმერლის მუზეუმში (აშშ); „კოლოძეის არტ ფონდში“, ნიუ ჯერსიში (აშშ); კერძო გალერეებსა და კოლექციებში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.
გამოფენა 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.