„ბახის მუსიკას იღბლის მოტანა შეუძლია. ჩემს ცხოვრებაშიც არაერთხელ მოახდინა სასწაული“…

დაიბადა გურიაში, ლოტბარი ბაბუის – ნოე ბარბაქაძის დაბადების თარიღზე. ამიტომ 4 თებერვალი საკრალური თარიღია. დაწყებითი კლასის განათლება გურიაში (ნატანები) მიიღო. 
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, ასევე – ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა თეატრში.
წერდა ბავშვობიდან, მაგრამ არასოდეს აქვეყნებდა. 2012 წელს, დედის დაჟინებული თხოვნით „ცისკარში“ მიიტანა ლექსები, სადაც მალევე შედგა მისი დებიუტი.
2 პოეტური კრებულის ავტორია – „ზამთარგამოვლილი ბაღი“ და „გოლგოთის ღამე“. ამბობს, რომ
ესამე გზაშია…
6 წელია  ცხოვრობს ბათუმში, მეუღლესთან და შვილთან ერთად. აქვს გამომცემლობა „ოდა“,  მუშაობს ბავშვებთან, რომლებსაც მსახიობის ოსტატობას ასწავლის.
წერალთა კავშირის  და აკადემია „გულანი” წევრია.
მისი შემოქმედება იბეჭდება არაერთ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში. უფრო ხშირად –  „ლიტერატურულ გაზეთში“.
ამჟამად მესამე კრებულზე მუშაობს. – პოეტისა და მსახიობის, სოფო ღლონტის პერსონა.

– ლოტბარი ბაბუის დაბადების თარიღზე დაიბადეთ. დაწყებითი კლასის განათლება გურიაში (ნატანები) მიიღეთ. ბავშვობიდან რა დაგამახსოვრდათ?
– ბავშვობის წლების გახსენებისას,  ორი კუთხის სურნელს შევიგრძნობ ნათლად… ესაა გურია და იმერეთი. ხმაურიანი გურია, სადაც ჩემი ბებო დაშრიალებს ეზოში. ფრაზა: „მოით ნენა?… გეიღვიძა ეზო სახლმა“. ქალი, რომელიც ელანძე შობა ყორიფელს შვილიშვილების გულობიზა.
იმერეთში ლოტბარი ბაბუ, ნოე ბარბაქაძე, რომელიც სულ პატარა სოფოს ხალხურ სიმღერებს ასწავლის, აჩვევს ხელოვანებთან ურთიერთობას, დაჰყავს გუნდის რეპეტიციებზე და “წამლავს სცენის მტვერით”. დიახ, 4 თებერვალი საკრალური თარიღია ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ ერთ დღეს დავიბადეთ.
გურიაში ტყემლის ხე, რომელიც ბევრ გურულ ბაღანას იტევდა.ვისხედით და ვმუსაიფობდით. უამრავი ეპიზოდი მახსენდება, რომელსაც ინტერვიუს ფორმატი ვერ დაიტევს.
მე იმ თაობას წარმოვადგენ, რომელმაც ბავშვობა სრულად ვერ შეიტკბო Ავბედითი 90-იანების გამო, ბავშვობის წლებშივე დავტოვეთ გურია და ოჯახით დედაქალაქში გადავედით..  ტკბილ-მწარედ  მახსენდება ის წლები, მაგრამ უფრო ტკბილად…
– დაამთავრეთ თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და ასევე ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. რატომ ეს სპეციალობები?
– ბავშვობიდან მიყვარდა სცენა,ჩემი ყველა გართობა და აქტივობა აქეთ იყო მიმართული.ვმღეროდი, ვცეკვავდი, მეზობელი ქალების პაროდიას  ვაკეთებდი. არასოდეს გამნელებია ეს სიყვარული. ჩემი აბიტურიენტობის პერიოდს თუ გავიხსენებ, ეს იყო შავ-ბნელი წლები, საყოველთაო გაჭირვება, ჩაბნელებული საქართველო. იმდენად შეეხო ეს საყოველთაო და ასევე  ოჯახის  მდგომარეობა  ჩემს ყმაწვილქალურ ფსიქიკას, მსახიობობაზე  ფიქრი თითქმის შევწყვიტე (მოგეხსენებათ, მაშინდელი კორუფციაც).
ერთ მშვენიერ დღეს, მე და დედა  რუსთაველზე ვსეირნობდით, ჩავუარეთ ჩემს საოცნებო თეატრალურ ინსტიტუტს.მოკლედ,  ფილმის სიუჟეტივით გადამხდა. აღმოჩნდა, რომ იმ დღეს, ამირან შალიკაშვილი არჩევდა, აკომპლექტებდა პანტომიმის ჯგუფს. რეჟისორ ნანა დემეტრაშვილის რჩევით და დაკვალიანებით, რომელმაც სწორედ სეირნობისას შემამჩნია და მოვეწონე, შემაბიჯებინა თეატრის ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც ასე ძალიან მსურდა, უფრო სწორად – მწყუროდა. ვფიქრობ, ეს ნიჭი თვითნაბადია. ის ან გაქვს  ან არ გაქვს.შესაძლოა, მსახიობი სულაც არ იყოს დიპლომირებული, მაგრამ მასში დიდი დოზით იყოს არტისტი. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი ავირჩიე იმიტომ, რომ ხელოვნების სხვა  დარგებიც საფუძვლიანად შემესწავლა … სპეციალობით მუსიკათმცოდნე, მომღერალი, ლოტბარი გახლავართ. ვფიქრობ, რომ სწორად მივედი იქ, სადაც მივედი..
– ბავშვობიდან წერდით. პირველი ლექსები „ცისკარში“ გამოქვეყნდა.
– რუსთაველის, ვაჟას, ჭილაძის, ქარჩხაძის ქვეყანაში, რთულია შეეჭიდო საკუთარ გვარ- სახელს, რომელსაც ეჭვით შესცქერი. 2012 წლამდე ჩემი ლექსები უჯრაში გამოკეტვით დავსაჯე. „ცისკარში” მიტანა დედის დაჟინებული თხოვნით გადავწყვიტე. Მახსოვს ბაღათერ არაბული, რომელმაც ჩემს ლექსებს მიაწერა: „შენ შორს წახვალ” . იმავე წელს, დებიუტი შედგა და ჩემს ლექსებს მითქმა-მოთქმაც მოჰყვა. მოკლედ, საზოგადოებამ მიიღო. რა თქმა უნდა, გავბედნიერდი, თუმცა მივხვდი, რომ მძიმე ჯვარი ავიღე…
– ორი პოეტური კრებულის ავტორი ხართ. კრებულიდან კრებულამდე თუ იცვლება სათქმელი? ანუ რა იცვლება თქვენში?
– კრებულიდან კრებულამდე თუ არ იზრდება ავტორი, ან არ უგროვდება სათქმელი, სჯობს გაჩერდეს… ჩემს შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია დროზე. არასოდეს ვჩქარობ. მეტაფორულად ეს ძალიან ჰგავს ორსულობის და მშობიარობის პროცესს. ვივსები, ვივსები და ბოლოს ვმშობიარობ. პირველი წიგნის ლექსები „ზამთარგამოვლილი ბაღი” ერთგვარი გამოსვლაა „ზამთრიდან გაზაფხულზე“.  Მეორე კრებული „გოლგოთის ღამე“  ბიბლიური პასაჟებით, პერსონაჟებით დახუნძლული სახეებითაა, რომელიც მოვაქციე ერთ პიროვნებაში, ანუ „მე“- ში. აქ იესო, იუდა, თომა, მაგდალინელი, პეტრე, სატანაც კი საკუთარ თავში მყავს გამომწყვდეული და თანამიმდევრობით ვუთმობ ასპარეზს და გამომყავს არენაზე.
– მსახიობი და პოეტი. რომელი უფრო ხართ?
– საინტერესო კითხვაა. ორივე დიდი დოზითაა ჩემში.საერთოდ რომ არაფერი დავწერო, ვფიქრობ, რომ პოეტური  სულიერების ადამიანი ვარ. „ქებათა ქებაზე” დიდი პოეზია ხომ არ არსებობს? მე კი  ფსალმუნებივით ვუღვრი ჩემს სულს ღმერთს და დაე, მან გადაწყვიტოს, ვარ თუ არა პოეტი. მსახიობობას რაც შეეხება, ვფიქრობ, კარგად გამომდის ამ განცდების დრამატულად გადმოცემა და მაყურებლამდე მიტანა. ალბათ ესაა მსახიობი.
– ბათუმში ამ ცოტა ხნის წინ გაიმართა თქვენი პოეზიის საღამო: „ბახი – იღბლის გასაღები“. რატომ ბახი და საერთოდ, ეს სათაური? რა განწყობა გაქვთ საღამოს შემდეგ?
– არა მარტო ბათუმში, ოზურგეთშიც გაიმართა. იოჰან სებასტიან ბახი ჩემი სულის კომპოზიტორია. საოცარ კათარზისს განვიცდი „ჩაკონას” მოსმენისას. მისი საორგანო მუსიკა ზეცად ამყვანებელია ჩემთვის. ნამდვილი ჯადოსნობაა. გადავწყვიტე, კლასიკური გიტარის თანხლებით, ბახის ათი ნაწარმოების თემაზე, თემატური ლექსები შემექმნა და  პანტომიმის გამოყენებით  თეატრალურ  წარმოდგენად მექცია. მოკლედ, ამ ექსპერიმენტმა გაამართლა, შთამბეჭდავი გამოვიდა.
– „ბახი იღბლის გასაღები“ რატომაა?
– იმიტომ, რომ ბახის მუსიკას შეუძლია იღბლის მოტანა. ჩემს ცხოვრებაშიც არაერთხელ მოუხდენია სასწაული. არაერთი ლექსი   დავწერე „ადაჯიოს“  შთაგონებით…
– რა არის პოეზია? ვინ არის თქვენი შემოქმედების პირველი შემფასებელი?
– პოეზია არის „ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი”, სამყაროს  შემოქმედთან  „ტრაპეზი”… ჩემთვის ეს  გადარჩენის ტოლფასია. როდესაც ლექსს „იმშობიარებ”, საოცარ სიმსუბუქეს გრძნობ. დაღლილი ხარ, ძალიან დაღლილი, მაგრამ გაქვს პატივი, საკუთარ „პირმშოს“  შეეხო და განიცადო…
– თუ „ხელმწიფის ნავში“  არ ზიხარ, ისე ამ ქვეყანაში ვერაფერს მიაღწევო – ეთანხმებით ზოგიერთი მწერლის აზრს?
– ვეთანხმები. რადგან რეალობას თუ ჩავხედავთ თვალებში, „ხელმწიფის ნავში თუ არ ზიხარ”,  ე.ი. არც ხარ… ნეპოტიზმი, რომელიც არახალია ჩვენს ქვეყანაში. ისტორიას რომ გადავხედოთ, „დახვრეტა ან სიკვდილი“ უნდა ეწვნიათ მართალი სიტყვისთვის. მარჯვენა, რომელსაც გაჭრიან და ისე შემოგესევიან „როგორც ძერას ყვავები“. რატომღაც ერთ წრეზე დავდივართ და ვერაფერს ვსწავლობთ.
ერთმანეთის სიყვარული რომ ვერ გვჭირს, ეს ის ამბავია… განსხვავებულობას აქ ვინ გაპატიებს? არა, ბატონო.
„დახვრეტა და სიკვდილმა“ ფორმა  შეიცვალა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებით შეიცვალა. ბრბოს ფსიქოლოგია უცვლელია, პირველი საუკუნიდან დღემდე. თუმცა „დრონი მეფობენ და არა მეფენი”,  ისტორია გადააფასებს ხოლმე და მეც ამის იმედი მაქვს. Ჩემი დევიზია: „არასოდეს ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში”, არც ვაპირებ,  ჯვარი მწერია.
– როდის ხართ საკუთარი თავისადმი თვითკრიტიკული?
– თვითკრიტიკული მხოლოდ?… უჰ… ვწუხვარ საკუთარ შეცდომებზე, რომელსაც ხშირად ვერ ვპატიობ საკუთარ თავს. ვიცი, ეს არასწორი დამოკიდებულებაა საკუთარი თავისადმი, მაგრამ სხვანაირად არ ძალმიძს. ეს ალბათ მაქსიმალისტის ბუნებაა. ვცდილობ სწორად აზროვნებას, მაგრამ, როგორც ჩანს, პრაქტიკულად რთულია…
– 6 წელია ცხოვრობთ ბათუმში, მეუღლესთან და შვილთან ერთად… ოჯახი – ჩემი ცხოვრების მთავარი აზრიაო – ამბობთ…
– ნამდვილად ასეა. ოჯახი არის ნავსაყუდელი. ყველაზე ძვირფასი მდგომარეობა. როცა შეგიძლია, თავი დაადო მხარზე და გაძლიერდე. ისაუბრო და მოგისმინოს, გციოდეს და გათბე, გტკიოდეს და გაგიყუჩოს. ღმერთმა სწორად ჩაიფიქრა ოჯახი. სრულიად ვაცნობიერებ ამ იდილიის მნიშვნელობას. „სამმაგი ძაფი მალე არ გაწყდებაო“ და მართლაც… ღმერთის ხელია ჩვენზე. მან გააბა ძაფები, ჩვენ კი ვცდილობთ, არ ავბურდოთ…
– გაქვთ გამომცემლობა „ოდა“. ვინ არიან ახალგაზრდა ნიჭიერი ავტორები, ვინ გახსენდებათ ამ წუთში?
– დიახ, ჩვენ გვაქვს გამომცემლობა „ოდა“, რომლის კარი ნიჭიერი ავტორებისთვის ღიაა. ბევრი ახალგაზრდა წერს ძალიან კარგად. ვინმე რომ არ გამომრჩეს, ამიტომ არ დავასახელებ კონკრეტულ სახელებს. ეს მართლაც უნიჭიერესი  თაობაა…
– ბავშვებს მსახიობის ოსტატობას ასწავლით და ზრუნავთ. ალბათ მათთვის პირველ სწორ ნაბიჯებს ხელოვნებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სამომავლოდ…
– შესაძლოა, ამ ბავშვებმა  არ აირჩიონ მსახიობის პროფესია, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
ყველა პროფესიის ადამიანს სჭირდება გამართული მეტყველება, დიქცია, მანერები, საუბრის კულტურა, პლასტიკა.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს უნარები, რომლებსაც ეს ბავშვები იძენენ, აუცილებლად გამოადგებათ ცხოვრებაში.
–  ბათუმი – რას შეცვლიდით, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?
ბათუმში შევცვლიდი უზარმაზარ შენობებს პატარა შენობებით. ზღვის პირველ ზოლში, საშინელებაა ეს ცათამბჯენები, რომლებიც ჟანგბადსაც უკეტავს ქალაქს. ბიზნესის საკეთებლად მოგონილი ბუტაფორია.
 – ჰობი…
– ფოტომოდელობა (რაღა დროს ჩემი ესაა, მაგრამ მაინც), მუსიკის წერა (იმედია დიდი კომპოზიტორები არ გადაბრუნდებიან საფლავში).
– მუშაობთ მესამე კრებულზე. რით იქნება გამორჩეული წინა ორი კრებულისგან? ზოგადად, სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– მესამე წიგნს ჰქვია: „იქნებ დაბრუნდეს კაცი”, რედაქტორი გახლავთ გიორგი კეკელიძე. ამ წიგნის მთავარი სათქმელი  და მისია იქნება,  კაცი, რომელიც ცხოვრობს ქალაქს, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს სოფელს. გაათბოს ოდა, დააპუროს ძაღლი, რომელიც წკავწკავებს და გაათბოს ღადარი, რომელსაც სული ამოსდის მარტოობისგან გამოწვეული სევდით. ემიგრანტები უნდა დაუბრუნდნენ ოჯახებს და ბოლოს, კაცის ძე, რომელიც მეორედ უნდა მოვიდეს, „საპატარძლოდ გამზადებულ ახალ იერუსალიმთან” ერთად შეეგებოს კაცი, რომელიც მიპატიჟებულია უფლის ტრაპეზზე…
– საავტორო გადაცემას უძღვებით…
– დავიწყე საავტორო გადაცემა – „პორტრეტები ახლო ხედით“. ინტერნეტპლატფორმას ვიყენებ. ასე უფრო თავისუფალი ვარ. რესპონდენტები ჩემთან ღიად საუბრობენ ყველაფერზე, ყოველგვარი ცენზურის გარეშე.

 

                                                                                                           თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები