როგორ შეაჩერა ჯონ სნოუმ ქოლერის ეპიდემია ლონდონში
მე-19 საუკუნის შუა ხანებში, ლონდონი სწრაფ ინდუსტრიალიზაციას განიცდიდა, რამაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. გადატვირთული საცხოვრებელი პირობები, სანიტარიული ნორმების არარსებობა და ნარჩენების გატანის არასწორი სისტემები, ხელს უწყობდა დაავადებების, მათ შორის, ქოლერის ხშირ გავრცელებას.
მოკლედ, 1854 წელს, ლონდონი ქოლერის ეპიდემიის წინაშე აღმოჩნდა. დაავადება სწრაფად გავრცელდა, ასობით ადამიანი ავად გახდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ადგილობრივ ხელისუფლებას და ექიმებს არ აინტერესებდათ, როგორ შეიძლებოდა ამ დაავადების შეჩერება, ამიტომაც მდგომარეობა ძალიან დამძიმდა — ოჯახები საყვარელ ადამიანებს გლოვობდნენ, ქუჩები კი, სასოწარკვეთილი ხალხით იყო სავსე.
იმ დროს ცოტას ესმოდა ამ სასიკვდილო დაავადების მიზეზები. გაბატონებული თეორიის თანახმად, ქოლერა მიაზმების (რაიმეს ლპობის შედეგად გაჩენილი შხამიანი ანაორთქლი) მეშვეობით ვრცელდებოდა, თუმცა დოქტორი ჯონ სნოუ, ინგლისელი ექიმი, თვლიდა, რომ ქოლერა დაბინძურებული წყლის მეშვეობით გადადიოდა. თუმცა, პრობლემა ის იყო, რომ მის იდეებს მეცნიერთა უმეტესობა, ძირითადად, უარყოფდა.
ექიმმა ამ ამბის გამოძიება გადაწყვიტა და ლონდონის მასშტაბით, ქოლერის შემთხვევების რუკების შედგენა დაიწყო. აღმოაჩინა, რომ შემთხვევათა უმეტესობა თავს იყრიდა ბროდ-სტრიტზე მდებარე კონკრეტული წყლის ტუმბოს გარშემო. მან გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ სწორედ ეს ტუმბო იყო აფეთქების წყარო.
თავისი თეორიის შესამოწმებლად, სნოუმ ადგილობრივი ხელისუფლება დაარწმუნა, ტუმბოსთვის სახელური მოეძროთ, რის შემდეგაც იქიდან წყალს მოსახლეობა ვეღარ დალევდა.
სახელურის მოხსნის შემდეგ, ეპიდემიამ კლება დაიწყო და ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტუმბოდან მომდინარე წყალი დაბინძურებული იყო კანალიზაციით, რამაც ქოლერის აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სნოუს მეთოდები მაშინვე არ იქნა აღიარებული, ეს ამბავი თანამედროვე ეპიდემიოლოგიის საწყისად ითვლება.
ჯონ სნოუს ისტორია იმის დასტურია, თუ როგორ შეუძლია მეცნიერულ კვლევას და არასტანდარტულ აზროვნებას ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ამ ერთმა ისტორიამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეპიდემიის პრევენციის მიმართ მიდგომა სამუდამოდ შეცვალა.