ვაჟა-ფშაველას გამზირზე ციციშვილის პარკი რეაბილიტირდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში, ციციშვილის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.

განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„კიდევ ერთი ახლად რეაბილიტირებული პარკი შეემატა დედაქალაქს. მახსოვს, პირველად რომ მოვედით, რა რთული მდგომარეობა იყო აქ, დღეს კი სულ სხვაა – გამწვანებული, მოწესრიგებული, განათებული. გაკეთდა სარწყავი სისტემები, მოსასვენებელი სივრცეები, პატარებისთვის შესაბამისი ატრაქციონები. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ქალაქის და თბილისელების მიმართ. ამაზე არ გავჩერდებით. კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რაც უნდა განხორციელდეს. ყველა, ვისაც უყვარს დედაქალაქი, ხედავს, როგორ იცვლება უკეთესობისკენ თბილისი. არსებობს გამოწვევებიც, თუმცა არ გვეშინია, რადგან ვიცით, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. მომდევნო წლები კიდევ უფრო საინტერესო იქნება. მთავარია ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება. სიმშვიდის გარეშე შეუძლებელი იქნება პარკების განახლება, რეკრეაციული სივრცეების მშენებლობა, ახალი ავტობუსების შემოყვანა და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე თბილისის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა. გასულ 2023 წელს დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები, ხოლო მიმდინარე წელს სრულად რეაბილიტირდა პარკი, რომლის საერთო ფართობი 24 600 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო სამი საბავშვო მოედანი, ორი სავარჯიშო სივრცე, სრულად განახლდა საფეხბურთო მოედანი, შეიცვალა კალათბურთის მოედნის ინფრასტრუქტურა, მოეწყო ექვსი დასასვენებელი პავილიონი, სოკოს ფორმის სასმელი წყლის ხუთი შადრევანი, განთავსდა სკამები და ურნები. ასევე, მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემაც.

პარკში ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები: მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 4 563 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი, 14 653 კვ. მ ფართობზე დაითესა ბალახის საფარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები