„ველურ პირობებში“ – კრისტოფერ მაკ-კენდლესის რეალური ისტორია

კრისტოფერ მაკ-კენდლესი არის ადამიანი, რომლის ისტორია მარტოობის, ძიებისა და ტრაგიკული დასასრულის შესახებ მილიონობით ადამიანმა შეიტყო. მისი ცხოვრება ფართოდ გახდა ცნობილი ჯონ კრაკაუერის წიგნით Into the Wild და შემდგომ ამავე სახელწოდების ფილმით, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის მოგზაურობას თავისუფლებისა და ბუნებასთან კავშირის ძიებაში.

კრისტოფერი, თითქმის, ყოველგვარი აღჭურვილობის და საჭმლის გარეშე გაემგზავრა ველურ ალასკაზე იმ მიზნით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სრულ მარტოობაში ეცხოვრა. 5 თვეც კი ვერ გაუძლო კრისტოფერმა ასეთ პირობებს და შიმშილით დაიღუპა, თუმცა, ასევე არსებობს არაოფიციალური ვერსია, რომლის მიხედვითაც, მისი სიკვდილის მიზეზი მცენარის მომწამვლელი თესლის ჭამა გახდა.

კრისტოფერი ანანდეილში, ვირჯინიის შტატში გაიზარდა. მისი მამა, უოლტ მაკ-კენდლესი ნასაში მუშაობდა ანტენების სპეციალისტად, ხოლო დედა – ვილჰელმინა „ბილი“ ჯონსონი, მამამის მდივანი იყო.

მასწავლებლები ადრეული ბავშვობიდანვე ამჩნევდნენ პატარა კრისტოფერს მისი ასაკისათვის უჩვეულო მიზანდასახულობას. მან დაამთავრა ვუდსონის სკოლა 1986 წელს და ემორის უნივერსიტეტი ატლანტაში 1990 წელს, დაეუფლა რა ისტორიასა და ანთროპოლოგიას. მისი აკადემიური წარმატებების უკან ამერიკული საზოგადოების გადაჭარბებული მატერიალიზმისადმი მზარდი პროტესტი იმალებოდა.

ატლანტის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან სრული დანაზოგი – ოცდაოთხი ათასი დოლარი – შესწირა საქველმოქმედო ორგანიზაციას და დაიწყო ხეტიალი „ალექსანდრე სუპერ-მაწანწალას“ (Alexander Supertramp) სახელით. კრისტოფერმა არიზონა, კალიფორნია და სამხრეთი დაკოტა მოიარა. მან კარგ სამსახურს უფულოდ, ადამიანებთან კონტაქტის გარეშე ცხოვრება არჩია.

მაკ-კენდლესი წლების განმავლობაში ოცნებობდა „ალასკურ ოდისეაზე“, როცა ის ყოველგვარ ცივილიზაციას მოსწყდებოდა და აწარმოებდა დღიურს, სადაც ბუნების წიაღში ცხოვრებით მიღწეულ ინტელექტუალურ და სულიერ პროგრესს აღწერდა.

კადრი ფილმიდან Into the Wild

ბოლო ადამიანი, ვინც ის ცოცხალი ნახა, ჯეიმზ გალეინი გახლდათ. გალიენი შეშფოთდა „ალექსის“ გამო, რომელსაც ელემენტარული აღჭურვილობაც კი არ ჰქონდა თან.

ალასკაზე მაკ-კენდლესმა მიტოვებული ავტობუსი იპოვა, რომელიც მონადირეთა თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა. მას ჰქონდა მხოლოდ 10 ფუნტი ბრინჯი, რემინგტონის ნახევრად-ავტომატური შაშხანა და წიგნი ადგილობრივ მცენარეთა სამყაროზე, ასევე რამდენიმე სხვა წიგნი და კარავი. კრისტოფერი ვარაუდობდა, რომ მცენარეული საკვებითა და ნადირობით გაიტანდა თავს.

მისი დღიური შეიცავს ჩანაწერებს, რომელთაც მაკ-კენდელსი 189 დღის განმავლობაში აკეთებდა. ივლისში, ავტობუსში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ, მან გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა მდინარეს ჩაეხერგა, რომელიც მნიშვნელოვნად ადიდებულიყო, ვიდრე აპრილში, ანუ მაშინ, როდესაც კრისტოფერი აქ მოვიდა. მან ვერ შეძლო მოკლე გზით მდინარეზე გადასვლა, რადგანაც, სამწუხაროდ, თან არ ჰქონდა დეტალური ტოპოგრაფიული რუკა. კრისტოფერს მხოლოდ გაზის სადგურზე ნაპოვნი ნაფლეთებად ქცეული საგზაო რუკა გააჩნდა, რომელიც არ შეიცავდა მისთვის საჭირო ინფორმაციას.

12 აგვისტოს მაკ-კენდლესმა თავის დღიურში, სახელად „მშვენიერი მოცვი“, უკანასკნელი ჩანაწერი გააკეთა. მან ბოლო გვერდი ამოხია ლუი ლ’ამორის მემუარიდან, რომელიც შეიცავს ციტატას რობენსონ ჯეფერსის პოემიდან, სახელად „ბრძენი ხალხი ცხოვრების მძიმე წუთებში.“

გვერდის მეორე მხარეს კრისტოფერმა დაამატა: „მე ვიცხოვრე ბედნიერად და ამისთვის მადლობას ვწირავ ღმერთს. მშვიდობით, დაე, ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!“

1992 წლის 6 სექტემბერს ორმა მოხეტიალე მოგზაურმა და ხარირმებზე მონადირეთა ჯგუფმა იპოვა მინაწერი ავტობუსის კარზე: „S.O.S. მე თქვენი დახმარება მჭირდება. ცუდად ვგრძნობ თავს, სიკვდილის პირას ვარ და ზედმეტად სუსტად ვგრძნობ თავს იმისთვის, რომ აქედან გავაღწიო. სრულიად მარტო ვარ, ეს არაა ხუმრობა. ღვთის გულისათვის, გთხოვთ, მიშველეთ. გასული ვარ კენკრის შესაგროვებლად და დღეს საღამოს დავბრუნდები. გმადლობთ, პატივისცემით, კრის მაკ-კენდლესი. აგვისტო?“

მისი გვამი იპოვეს საძილე ტომარაში, ავტობუსში, გარდაცვალების დღიდან ორი კვირის შემდეგ. კრისტოფერი სულ რაღაც 30 კილოგრამს იწონიდა. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი შიმშილით სიკვდილია.

კრეკაუერის წიგნმა კრისტოფერ მაკ-კენდლესი ბევრის თვალში გმირად აქცია. 2002 წლიდან მიტოვებული ავტობუსი, სადაც კრისტოფერი ცხოვრობდა, გადაიქცა ტურისტებისათავის საყვარელ ადგილად.

იმ ადამიანებისაგან განსხვავებით, ვისაც დიდი სიმპათიები გააჩნია მაკ-კენდელსის მიმართ, ალასკას მცხოვრებლებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ მათდამი, ვინც მისი ბედის რომანტიზებას ცდილობს – კრისტოფერმა ხომ უარი თქვა მისთვის ისეთი აუცილებელი ნივთების თან წაღებაზე, როგორებიცაა კომპასი და რუკა. ოთხასი მეტრის მანძილზე იმ ადგილიდან, სადაც მაკ-კენდლესმა უშედეგოდ სცადა „გადაულახავ მდინარეზე“ გადასვლა, იმდენად ადვილი იყო მეორე ნაპირზე გადასვლა, რომ ეს ახალნაოპერაციებმა ადამიანმაც კი შეძლო. კრისტოფერს რომ დეტალური რუკა ჰქონოდა, უპრობლემოდ გადარჩებოდა. ამასთანავე, მისი ავტობუსიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო წამლებითა და ინსტრუმენტებით აღჭურვილი კაბინა იყო, რომელიც, ერთ-ერთი ცნობით, მანვე დაარბია ვანდალურად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები