მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სემინარი ჩატარდა
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში”.
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14 ქვეყნის წარმომადგენელი მასწავლებლები.
საერთაშორისო სემინარი, მისასალმებელი სიტყვით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გახსნა. ხოლო სემინარის სპეციალურმა მომხსენებელმა, ვალენსიის უნივერსიტეტის პროფესორმა და დემოკრატიული კულტურის სწავლების ევროპული უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა თამარ შუალიმ გააკეთა მოხსენება ინტერკულტურული განათლების, დემოკრატიული კულტურისა და მოსწავლეთა კეთილდღეობის შესახებ.
აღნიშნული სემინარის მთავარი მიზანია, პროგრამაში ჩართული მასწავლებლების მოტივირება, საპროექტო იდეებზე ერთობლივი მუშაობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, თანამშრომლობის და კომუნიკაციის ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა.
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროკომისიის დახმარებით, 2013 წლიდან ახორციელებს პროგრამას – eTwinning-ის. აღნიშნული პროგრამა ქართველ პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში ეხმარება. მასწავლებლები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში. ისინი სწავლობენ და ივითარებენ გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებს, საგნის ინტეგრირებული სწავლების პრინციპებს, პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას. პროგრამაში დღესდღეობით 6000-მდე ქართველი მასწავლებელია ჩართული.