ბრაზილიურ-ჩინური ინიციატივები პრორუსულია – ვოლოდიმირ ზელენსკი
ბრაზილიისა და ჩინეთის მთავრობების მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმა, უფრო მეტად, რუსეთის ინტერესებს პასუხობს და კიევისთვის მიუღებელი რჩება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
“სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ ბრაზილიურ-ჩინური ინიციატივები უფრო მეტად პრორუსულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამის შესახებ გულახდილად ესაუბრა ბრაზილიის პრეზიდენტს.
შეგახსენებთ, ჩინეთმა და ბრაზილიამ უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების წინადადებები 2024 წლის მაისის ბოლოს გამოაქვეყნეს. მათ განაცხადეს, რომ კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩატარება და ყველა მხარის თანასწორუფლებიანი მონაწილეობაა.
ზელენსკის თქმით, ეს „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინასთან შეთანხმებული არ ყოფილა და კიევი რუსეთთან უკრაინის ტერიტორიების საკითხზე რაიმე კომპრომისზე ვერ წავა.
“რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შემოიჭრა, მოკლა ხალხი, დაიპყრო ტერიტორია და ახლა ბრაზილიის პრეზიდენტი ამბობს: „მოდით, დაე ისაუბრონ“. პუტინმა ნაბიჯები უნდა გადადგას, აჩვენოს, რომ ომის დასრულება სურს. არ შეიძლება, უბრალოდ ითქვას, რომ ჩვენ ერთმანეთისკენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, – თქვა ზელენსკიმ.