პლანეტის ყველაზე დაბალი ადამიანი – ჩანდრა ბაჰადურ დანგის ისტორია

მსოფლიოს ყოველთვის აინტერესებდა უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანები. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ჩანდრა ბაჰადურ დანგი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაბალ კაცად აღიარეს. მისი სიმაღლე მხოლოდ 54,6 სანტიმეტრი იყო, რამაც გინესის რეკორდსმენი გახადა.

ჩანდრა ბაჰადურ დანგი დაიბადა 1939 წლის 30 ნოემბერს ნეპალის შორეულ რეგიონში, პატარა სოფელ რიმკოლში. ის ოჯახში შვიდი შვილიდან ერთ-ერთი იყო და პატარაობიდანვე გამოირჩეოდა. არავის შეეძლო, აეხსნა მისი უჩვეულოდ დაბალი სიმაღლის მიზეზი და მშობლებმაც არ მიმართეს ექიმებს დასახმარებლად. დანგი სამყაროსგან იზოლირებულად ცხოვრობდა და ფიზიკური შეზღუდვების მიუხედავად, სოფლის მეურნეობაში მუშაობდა.

ცნობადობის მოპოვებამდე ის არც გასულა მშობლიური სოფლის გარეთ და თითქმის, არ ჰქონია ურთიერთობა გარე სამყაროსთან.

დანგი ცნობილი გახდა 2012 წელს, როდესაც ის მოგზაურთა ჯგუფმა შენიშნა. მათ მამაკაცს სიმაღლის გაზომვა შესთავაზეს და მალე ის ოფიციალურად აღიარეს პლანეტის ყველაზე დაბალ ადამიანად. ადრე ყველაზე დაბალი ადამიანის ტიტული ფილიპინელ ჯუნ რეი ბალუინგს ეკუთვნოდა, რომლის სიმაღლე 59,93 სანტიმეტრი გახლდათ.

დანგი, ასევე, გახდა ყველაზე დაბალი ზრდასრული ადამიანი, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა ისტორიაში.

ამის შემდეგ ჩანდრას ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. იგი საერთაშორისო მასშტაბით გახდა ცნობილი და სხვადასხვა სატელევიზიო შოუში თუ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს. საბოლოოდ, მან მთელ მსოფლიოში იმოგზაურა. მალე დანგი სიმტკიცისა და გამბედაობის სიმბოლო გახდა.

2012 წელს ის შეხვდა მსოფლიოში ყველაზე მაღალ მამაკაცს – სულთან კოსენს თურქეთიდან, რომლის სიმაღლე 251 სანტიმეტრია. ამ შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და გინესის რეკორდების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მომენტადაც იქცა.

მიუხედავად დიდებისა და აღიარებისა, დანგის ცხოვრება სავსე გახლდათ გამოწვევებით. მისი უჩვეულოდ დაბალი სიმაღლე გენეტიკურმა მუტაციამ განაპირობა, რომელიც, მის რეგიონში არსებული სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო, დაუდგენელი იყო. ამან გამოიწვია ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა, რომელიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში აწუხებდა.

ჩანდრა ბაჰადურ დანგი გარდაიცვალა 2015 წლის 3 სექტემბერს, 75 წლის ასაკში. მისი ისტორია არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე დაბალი ადამიანის ისტორიაა, არამედ მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, დარჩე ძლიერი, მტკიცე და პოზიტიური, მიუხედავად ფიზიკური თუ ცხოვრებისეული გამოწვევებისა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები