ზღვისპირა ქალაქში დაიბადა, ხატვის სიყვარულიც მაშინ დაიწყო.
სამხატვრო აკადემია ხის და ლითონის მხატვრული დამუშავების განხრით დაამთავრა.
შემდეგ თბილისის პეიზაჟებს ხატავდა. პირველი ფერწერული ნამუშევრებიც მშრალ ხიდზე გაჰქონდა. სახელი გაითქვა ფერწერული ნატურმორტებით. გემოვნებით შექმნილი ფერადოვანი ნამუშევრები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. რასაც ხატავს, მაშინვე იყიდება.
მისი ოცნება – სახელოსნოა, რომელიც, როგორც ამბობს, მალე ექნება. – ტარიელ თოლორაიას პერსონა.
– ზღვისპირა ქალაქში დაიბადეთ. სულ სხვაა ბავშვობის შთაბეჭდილებები…
– ბავშვობა ალბათ იყო ჩვეულებრივი… სკოლა, ზღვაზე ცურვა, თევზაობაც, დავდიოდი ფორტეპიანოზეც.
– როდის დაიწყეთ ხატვა? პირველი ნამუშევრები…
– მეხუთე – მეექვსე კლასში დავიწყე ჩემთვის ფანქრით ხატვა, პირველი, მახსოვს ძალოსანი დაძაბული სახით ჟურნალიდან გადავიხატე. ალბათ სხვა მსგავსი ნახატებიც იყო. ბათუმის თეატრში არაჩვეულებრივ კოლორიტთან, თეატრის მთავარ მხატვართან, ანტონ ფილიპოვთან მოვხვდი. პირველი ნაბიჯებიც იქიდან დაიწყო.
– სამხატვრო აკადემიაში ხის და ლითონის ფაკულტეტზე სწავლობდით. ვინ გედგათ მხარში?
– 1991 წელს ჩავაბარე აკადემიაში საინტერესო ფაკულტეტზე – ხის და ლითონის დამუშავება,
რთული დრო იყო, პირველ ხანებში ნათესავებთან ვიყავი, მადლობა მათ, შემდეგ – ქირით, მეხმარებოდნენ მშობლები, სტუდენტობის დროს ნახატებსაც ვყიდდი რუსთაველზე.
– სახელი გაითქვით ფერწერული ნატურმორტებით და პეიზაჟებით… შთაგონება თუ გჭირდებათ?
– ჯერჯერობით უმეტესად ნატურმორტებს ვხატავ, შთაგონება ხშირად დანახვის მომენტია, ყოველი ნახატი ნაბიჯია შემდეგისკენ… ხშირად – წრეზე სიარულიც, რა თქმა უნდა – სასწავლებელიც… მშრალ ხიდზე ნახატები მეც მქონდა… დღეში ერთ მოზრდილ ნატურმორტს ვხატავდი, ახლა მეტ დროს ვუთმობ – ორ კვირას, მთელ თვეს.
– გული არ გწყდებათ, როცა ნახატი, რომელშიც სულს დებთ, იყიდება?
– გული ცოტა მწყდება, მაგრამ რომ იყიდება და სურვილი აქვთ, ჩემი ნახატი ჰქონდეთ, ეს მახარებს, ყველა მათგანი კარგ ადამიანთანაა. ჯერჯერობით ცოტა ნახატი მაქვს შინ.
– ინდივიდუალური ხელწერა უმთავრესია ხელოვანისთვის… როგორ უნდა მიაღწიოს ამას მხატვარმა? ალბათ მეტ-ნაკლებად გავლენებსაც ვერ გაექცევა…
– მეტ-ნაკლები გავლენა სხვა მხატვრისგან თუ მხატვრებისგან დასაწყისში ყოველთვის არის, საკუთარი ხელწერა პროცესში მოდის, რასაც დრო უნდა, და ეს პროცესიც დაუსრულებელია.
– პირველი შემფასებელი?
– პირველი შემფასებლები არიან: ოჯახის წევრები, მეუღლე.
– ნამუშევრები უმეტესად მშრალ ხიდზე გაგქონდათ გასაყიდად…
– დიდი მადლობა მშრალ ხიდს, მოგვიანებით პანდემიის დროს – ონლაინ- არტ აუქციონს, ყველა პერიოდში რაღაც ვისწავლე, უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი.
– ოცნება?
– სახელოსნო, რომელიც მალე მექნება,
– ზღვისპირელი მხატვარი რატომ არ ხატავთ ზღვას?
– მიფიქრია, რატომ არ ვხატავ ზღვას? ფიქრი რჩება და გავბედავ – დავხატავ ზღვას.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე, ორი ბიჭი.
– ჰობი.
– ბუნება და მიწაზე მუშაობა, ფუტკარი.
– როგორც ვიცი, ჯერ პერსონალური გამოფენა არ გქონიათ. ჯილდოები?
– რამდენჯერმე ჯგუფურ გამოფენაში ვმონაწილეობდი, მადლობა ორგანიზატორებს. ჯილდო – დიდი სითბო და შეფასებებია.
თამარ შაიშმელაშვილი