ჩემპიონი, რომელმაც ნაციზმის იდეოლოგია ჰიტლერის თვალწინ დაამსხვრია

ჯეიმს კლივლენდ ოუენსი 1913 წლის 12 სექტემბერს ოკვილში, ალაბამაში, ღარიბ აფროამერიკულ ოჯახში დაიბადა. სამხრეთის სეგრეგაციულ გარემოში გაზრდილი ოუენსი რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი ბავშვობიდანვე იყო, მაგრამ ნუგეში სირბილში იპოვა. მისი სიჩქარე და სპორტული ნიჭი საშუალო სკოლიდანვე ჩანდა.

ოუენსი სწავლობდა ოჰაიოს უნივერსიტეტში, სადაც იგი, რასიზმთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, გამორჩეული სპორტსმენი გახდა. 1935 წელს, კოლეჯის ტრასაზე, რომელიც ცნობილია სახელით – „ყველაზე დიდი 45 წუთი სპორტში“, ოუენსმა სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მისმა არაჩვეულებრივმა გამოსვლამ განამტკიცა მისი სახელი, როგორც თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენის.

ბერლინის 1936 წლის ოლიმპიადაზე ადოლფ ჰიტლერს არიელთა უპირატესობის წარმოჩენა ჰქონდა განზრახული, თუმცა ოუენსი ოლიმპიური თამაშების ვარსკვლავი გახდა და ფიურერს გეგმები ჩაუშალა. მან  ოქროს ოთხი მედალი მოიგო, რამაც რასობრივი უპირატესობის შესახებ ნაცისტური იდეოლოგია დაამსხვრია. მისი ტრიუმფი დიდი დარტყმა აღმოჩნდა ჰიტლერის პროპაგანდისთვის, მაგრამ, სამაგიეროდ, რასობრივი თანასწორობისა და ადამიანური ღირსების სიმბოლოდ იქცა.

მიუხედავად მისი ოლიმპიური წარმატებისა, ოუენსი დაბრუნდა რასობრივად გახლეჩილ ამერიკაში, სადაც კვლავ დისკრიმინაციის წინაშე აღმოჩნდა. თავის გასატანად, სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, სიმტკიცის სიმბოლოდ რჩებოდა. საბოლოოდ, აშშ-ის მთავრობის კეთილი ნების ელჩი გახდა და რასობრივი თანასწორობის საკითხებზე ხმამაღლა დაიწყო საუბარი.

ჯესი ოუენსი 1980 წლის 31 მარტს გარდაიცვალა და ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენის სახელით შევიდა. მისი მიღწევები 1936 წლის ოლიმპიადაზე არა მხოლოდ სპორტული ბრწყინვალებითაა დასამახსოვრებელი, არამედ ღრმა სოციალური და პოლიტიკური კონტექსტით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები