ნატოს ორ ქვეყანაში რუსული „შაჰიდების“ ერთდროულ შეჭრაზე ალიანსი „შეშფოთება-აღშფოთებას“ გამოხატავს, მაგრამ „შაჰიდების“ ჩამოგდებას კრძალავს

ის საფრთხე, რასაც უკრაინის მოსახლეობა მესამე წელია განიცდის ირანულ-რუსული „შაჰიდ/გერანების“ ყოველღამისეული საჰაერო თავდასხმებიდან, გუშინ ღამეს უკვე ნატოს წევრი ორი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილმაც თავის თავზე გამოცადა…,- ამის შესახებ სტატიას “კვირის პალიტრა” აქვეყნებს.

ირაკლი ალადაშვილის პერსონალურ ბლოგში ვკითხულობთ, რომ “ნატოს ორ ქვეყანაში რუსული „შაჰიდების“ ერთდროულ შეჭრაზე ალიანსი „შეშფოთება-აღშფოთებას“ გამოხატავს, მაგრამ „შაჰიდების“ ჩამოგდებას კრძალავს…”.

“7-8 სექტემბრის ღამეს, ერთმანეთისგან 1 300 კმ-ით დაშორებულ რუმინეთის ქალაქ საბანგიასა და ლატვიის ქალაქ რეზეკნეს მაცხოვრებლებს ერთნაირი საფრთხე დაემუქრათ – მათ თავზე „შაჰიდების“ დამახასიათებელი, მოტოციკლის ძრავის ისეთი ხმები ისმოდა, რომელსაც უკრაინელები დიდი ხანია მიეჩვივნენ…

რუმინეთი და ლატვია იმ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არიან გაწევრიანებულნი, რომლის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთის მიერ გამოშვებული კამიკაძე-დრონების ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრის ფაქტების თავიდან, საერთოდ მიჩქმალვას ცდილობდა, ახლა კი ადგილობრივ სამხედროებს კატეგორიულად უკრძალავს ამ რუსული დრონების ჩამოგდებას…

სხვანაირად ვერანაირად ვერ აიხსნება ის ფაქტი, რომ რუმინული F-16-ები ჰაერში დროულად აიჭრნენ, აღმოაჩინეს კიდეც რუსული „შაჰიდები“, მაგრამ მათ საშუალება მისცეს შავი ზღვის მხრიდან რუმინული საბანგიასას თავზე გადაფრენით გაჭრილიყვნენ მდინარე დუნაიზე მდებარე უკრაინული იზმაილისკენ და რენისკენ…

რაც შეეხება ლატვიის ქალაქ რეზეკნეს სიახლოვეს ჩამოვარდნილ რუსულ „შაჰიდს“, ის ნატოს წევრი ამ ქვეყნის ცაში, დიდი ალბათობით, ბელარუსის საჰაერო სივრციდან შეიჭრა და არა უშუალოდ რუსეთიდან, რადგან ბოლო ათი დღეა თითქმის ყოველღამე, „შაჰიდების“ ნაწილი, რომლებიც გაშვებულნი არიან უკრაინის სამიზნეებისკენ, რატომღაც მკვეთრად იცვლიან ფრენის მარშრუტს და…ბელარუსისკენ „უხვევენ“, მისი ტერიტორიის სიღრმეში შეჭრით – ბელარუსულმა გამანადგურებელმა კი ჩამოაგდო რამდენიმე „შაჰიდი“, მაგრამ ერთმა მათგანმა ეტყობა მაინც მოახერხა ბელარუსის ცის მთლიანად გადალახვა და ლატვიის საზღვრის შიგნით, რამდენიმე ათეული კმ-ის სიღრმეში ჩამოვარდა…

როდესაც ორი მეზობელი ქვეყანა ომობს, დროდადრო მათი „ნაომარი“ სხვა მეზობლებსაც „მისწვდებათ“ ხოლმე, „გზააბნეული“ რაკეტა თუ კამიკაძე-დრონის სახით-გავიხსენოთ, 2020 წლის 7 ოქტომბერს კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნა, რომლებიც აზერბაიჯანის არმიის კუთვნილი ისრაელის წარმოების Harop – ის ტიპის კამიკაძე-დრონები უნდა ყოფილიყვნენ…

გარდა ამისა, ასევე დაფიქსირდა უცხო ქვეყნის დრონის ჩამოვარდნა საქართველოს საზღვრის შიგნით, სხვა დროს…

მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთს რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს და მისგან 600 კმ-ითა დაშორებული, რუსული „შაჰიდების“ მის საჰაერო სივრცეში გაფრენისა და რუმინულ მიწაზე ჩამოვარდნის უკვე ათზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, უკეთეს დღეში არც პოლონეთია, რომლის ცაშიც არაერთხელ „გაუნავარდიათ“ რუსულ „შაჰიდებს“, ხოლო რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანაც შეუძლია, პოლონეთის სიღრმეში 450 კმ-ი იფრინა და მის ნარჩენებს ნახევარი წელი ეძებდნენ, სანამ ტყეში სეირნობისას მოქალაქეებმა შემთხვევით არ აღმოაჩინეს…

ახლა, როგორც ჩანს, ნატოს კიდევ ერთი წევრი ქვეყნის-ლატვიის რუსული „შაჰიდებით“ აფორიაქების დროც დადგა, რასაც მეზობელი ლიეტუვისა და ესტონეთის „დაძაბვაც“ მოჰყვება…

ნატო, რუსული „შაჰიდების“ მისი წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრისა და მათ ტერიტორიებზე აფეთქებების მოხშირებულ ფაქტებზე, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი „შეშფოთება-აღშფოთებით“ რეაგირებს, იმის ნაცვლად, რომ უკრაინის იმ საზღვრებზე, რომლებიც ალიანსის წევრ ქვეყნებთანაა, განათავსოს საზენიტო-სარაკეტო სისტემები, გამანადგურებელი თვითმფრინავები… და რაც მთავარია, ამ ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობებს ნება დართოს მათკენ მფრენი რუსული კამიკაძე „შაჰიდებისა“ თუ ფრთოსანი „კალიბრების“ დაუყონებლივ ჩამოგდებაზე…

წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატო მთელი მსოფლიოს, პირველ რიგში კი იმავე კრემლის დასაცინი გახდება, ხოლო რუმინეთის, პოლონეთისა თუ ლატვიის მოსახლეობას გაუჩნდება სამართლიანი კითხვა-მაშინ, ჩვენი ქვეყნები რატომღა გაწევრიანდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, თუკი ნატო არათუ გვეხმარება რუსეთიდან წამოსული რეალური საჰაერო საფრთხის აღკვეთაში, არამედ ჩვენი ქვეყნების სამხედროებსაც უკრძალავს რუსული „შაჰიდების“ ჩამოგდებას?!”,- წერია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები