„მთელი ცხოვრება ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის პეპლის ეფექტით დავქრივარ“ – მელანია თურქმენის სტამბოლური ცხოვრება, ლექსიდან – ფსიქოთერაპიამდე

დაიბადა ხარაგაულში. განსაკუთრებულად უყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა.  წერდა ლექსებს, ნოველებსლექსების პირველი კრებული – „ფასკუნჯის ფრთები“ – 1987 წელს გამოიცა.
სწავლობდა, ოცნებობდა ექიმობაზე, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ  ცხოვრებამ  შორსსტამბოლში წაიყვანა
თურქეთში, სტამბოლის უნივერსიტეტში, თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულება აირჩია. დაამთავრა ფსიქოთერაპევტთა ინსტიტუტი,  აიდინის უნივერსიტეტში სრულად გაიარა პროგრამა – „ცხოვრების ვერტიკალური წრე“ (Life Cycle Coaching / Therapy).
დღეს არის სამედიცინო ტურისტული კომპანია –პირამიდის“ დირექტორი, სხვადასხვა პროფესიული გაერთიანების, მათ შორისფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი; საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი; ლეჟავას სახელობის აკადემიის აკადემიკოსი; პრემი ივერიის ლაურეატი და დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი თურქეთიდან.
განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა კალიგრაფიის კონკურსშიც, სადაც გამარჯვებული გახდა. პოეტისა და ფსიქოთერაპევტის, მელანია ბერაძეთურქმენის პერსონა.

–    წერდით ბავშვობიდან, ლიტერატურა გიყვარდათ…
–  წარმოშობით ხარაგაულიდან ვარ,  ხელოვნება კი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ჩემი კუთხე, მისი ბუნება, ტრადიციები და ადამიანები ხშირად მაძლევენ შთაგონებას შემოქმედებისთვის.
ლექსებს ბავშვობიდან ვწერ. სკოლის წლებში ჩემზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა  ქართული ენისა და ლიტერატურის გამორჩეულმა პედაგოგმა, ელენე ბერაძემ. მისი დიდი დამსახურებაა ჩემი სიყვარული ქართული ენისა და კალიგრაფიისადმი . მოსწავლეობის პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა ახალგაზრდულ ოლიმპიადასა და შემოქმედებით კონკურსში, სადაც არაერთხელ გავიმარჯვე. პირველი ლექსის ზუსტი სახელი დღეს აღარ მახსოვს, თუმცა კარგად მახსოვს პირველი დაწერილი პოეტური ნამუშევარი – „ფასკუნჯის ფრთები“.  სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი შემოქმედებითი გზა, რომელიც დღემდე გრძელდება.
ეს კრებული ჩემი სულის ანარეკლია. მასში ასახულია ჩემი განცდები, ფიქრები, სიყვარული და ცხოვრებისეული გამოცდილება. ლექსებში ვსაუბრობ ჩემს შვილზე, ოჯახზე, მეგობრებზე, მომავალზე, იმ სიხარულსა და ტკივილზე, რომელიც ადამიანს ცხოვრების გზაზე ხვდება. ეს ლირიკული კრებულია, რომელშიც მკითხველი ჩემს შინაგან სამყაროს და  გულწრფელ ემოციებს დაინახავს.ლექსების პირველი კრებულიფასკუნჯის ფრთები 1987 წელს ქუთაისში, ზურაბ კუხიანიძის რედაქტორობით გამოიცა
– ჩემი შემოქმედებითი გზის დასაწყისი მარტივი არ ყოფილა. იმ პერიოდში ლექსის ან ნაწარმოების გამოქვეყნება სერიოზულ განხილვას საჭიროებდა – მას კითხულობდნენ რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრები. მხოლოდ მათი დადებითი შეფასების შემდეგ იბეჭდებოდა ნაწარმოები. ავტორები ჰონორარსაც იღებდნენ, რაც ახალგაზრდა შემოქმედისთვის დიდი სტიმული იყო. ჩემი პირველი პოეტური კრებულის, „ფასკუნჯის ფრთების“, გამოცემამდე ჩემი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა გაზეთსა და ჟურნალში, მათ შორის „ქალთა გაზეთში“, „ნობათში“ და სხვა გამოცემებში.
ამავე პერიოდში თავადაც ვიყავი ჩართული ჟურნალისტურ საქმიანობაში და სხვადასხვა დროს ვმუშაობდი რედაქტორის პოზიციაზეც. ეს გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანი სკოლა აღმოჩნდა, რომელმაც შემოქმედებითად და პროფესიულად გამაძლიერა.
– საქართველოში სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი დაამთავრეთ… და მაინც, მოგიწიათ საქართველოს დატოვება და შვილთან ერთად სტამბოლში გაემგზავრეთ…
– სტამბოლში ჩამოვედი, ჩემს შვილ გიორგი ჭანკოტაძესთან ერთად, სტამბოლის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. იმ პერიოდში საქართველოში მძიმე წლები იყო – 1994 წელი, ომისა და ეკონომიკური სირთულეების პერიოდი. სწავლის დასრულების შემდეგ ვაპირებდი საქართველოში დაბრუნებას და თბილისის სამხედრო განყოფილებაში მუშაობას, სადაც თურქული ენის ცოდნა გამომადგებოდა. თუმცა ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა.სტამბოლში ყოფნის პერიოდში მალევე დავოჯახდი და აქ დავრჩი. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი, რომელმაც ჩემი მომავალი სრულიად შეცვალა.
სამკურნალო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ექიმად ვმუშაობდი, თუმცა ემიგრაციის წლები ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. სტუდენტობის პერიოდში, ჩემს პატარა შვილ გიორგისთან ერთად უცხო ქვეყანაში ყოფნამ დიდი სულიერი გამოცდა მომიწყო. იმდენად დიდი მონატრება მქონდა, რომ მენატრებოდა ყველაფერი –  დედა და მამა, ჩემი სამშობლო, ახლობლები, მეგობრები, ბავშვობის გარემო და ზოგჯერ მეზობლებიც კი. ამ სულიერმა სიცარიელემ და ნოსტალგიამ მიბიძგა, უფრო ღრმად შემესწავლა ადამიანის ფსიქიკა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ფსიქიატრიის, ფსიქოთერაპიისა და ჰიპნოზის შესწავლა. მოგვიანებით სწავლა გავაგრძელე ფსიქოთერაპიის ინსტიტუტსა და ჰიპნოზის აკადემიაში, სადაც სრული სასწავლო კურსები გავიარე. ეს ცოდნა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის შევიძინე – რომ გამეგო ჩემი განცდები, გავმკლავებოდი სირთულეებს და შინაგანი სიმშვიდე მეპოვა. შემდეგ კი ეს გამოცდილება ჩემი ოჯახის, ახლობლებისა და იმ ადამიანების დახმარებას მოვახმარე, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებოდათ.
სტამბოლის უნივერსიტეტში თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით სწავლობდით… დაამთავრეთ ფსიქოთერაპევტთა ინსტიტუტი და აიდინის უნივერსიტეტში გაიარეთ პროგრამაცხოვრების ვერტიკალური წრე“….
– განსაკუთრებულად  მახსენდება სტუდენტობის წლები. ჩვენს ფაკულტეტზე 47 სტუდენტი სწავლობდა და მათ შორის ერთადერთი ქართველი, ერთადერთი უცხოელი სტუდენტი მე ვიყავი. მიუხედავად ამისა, არაფრით ჩამოვრჩებოდი ჩემს თურქ თანაკურსელებს. პირიქით, საუკეთესო სტუდენტებს შორის მოვიაზრებოდი და ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაც იყო. ლექტორები განსაკუთრებული ყურადღებით მეპყრობოდნენ.„გურჯი მელანის“ –  ქართველ მელანის, და ეს ჩემთვის ერთდროულად სიამაყეც იყო და ვალდებულებაც. ამიტომ ორმაგად და ხუთმაგად ვშრომობდი, რადგან მინდოდა ღირსეულად წარმომეჩინა ჩემი ქვეყანა და დამემტკიცებინა, რომ ქართველი სტუდენტი არაფრით ჩამოუვარდება სხვებს. დღეს თურქეთში მცხოვრები ბევრი ქართველი თავისუფლად საუბრობს თურქულად, თარგმნის წიგნებსა და ლექსებს, თუმცა უნივერსიტეტში თურქული ენისა და ლიტერატურის პროფესიულ დონეზე სწავლა სრულიად სხვა გამოცდილებაა. ეს მხოლოდ სასაუბრო ენის ცოდნა არ არის – ეს არის ენის, ლიტერატურის, კულტურისა და აზროვნების სიღრმისეული შესწავლა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ თურქულ უნივერსიტეტში სწავლამ ჩემს ცხოვრებასა და პროფესიულ განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. სამედიცინო კომპანია პირაიმიდის წარმომადგენელი  ნებაყოფლობით წახვედით მიწისძვრის ზონაში.
– ამჟამად ვარ სამედიცინო კომპანიის „პირამიდის“ დირექტორი. ჩემი პროფესიული გამოცდილება, როგორც მედიცინაში, ასევე ფსიქოთერაპიის სფეროში, საშუალებას მაძლევს, ადამიანებს დავეხმარო არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი და ემოციური მხარდაჭერის თვალსაზრისითაც. ჩემთვის ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანების სამსახური, თანადგომა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილია.
დღეს, თურქეთში მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ, აქტიურად ვარ ჩართული სოციალურ და ჰუმანიტარულ პროექტებში.
სხვადასხვა დროს ვყოფილვარ და დღესაც ვარ იმ ჯგუფების წევრი, რომელიც საჭიროების მქონე ადამიანებს ეხმარება. სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტებისა და სხვა სპეციალისტების გუნდთან ერთად ვმონაწილეობ ჰუმანიტარულ და მხარდამჭერ საქმიანობაში.– ბევრს საქმიანობთ, როგორც ფსიქოთერაპევტი და ექიმი…
– ამჟამად ვხელმძღვანელობ მრავალპროფილიან სამედიცინო ტურისტულ კომპანიას, რომელსაც ჩემს შვილ გიორგისთან ერთად ვმართავ. გიორგი ფსიქოლოგია და ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია პაციენტების როგორც სამედიცინო, ისე ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. კომპანია ემსახურება საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან  ჩამოსულ პაციენტებს. ჩვენ ვუწევთ ორგანიზებას დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, კონსულტაციებს, მკურნალობის პროცესს და პაციენტების სრულ თანმხლებ მომსახურებას თურქეთის წამყვან კლინიკებში. ჩვენი მთავარი მიზანია, ადამიანებმა უცხო ქვეყანაში თავი უსაფრთხოდ, დაცულად და მხარდაჭერილად იგრძნონ. წლების განმავლობაში ასობით პაციენტს დავეხმარეთ სწორი სამედიცინო გზის შერჩევასა და საჭირო მომსახურების მიღებაში.თქვენს  ტურისტულ კომპანიაში ფუნქციონირებს არტთერაპიის მიმართულება
– არტთერაპიის მიმართულებას პირადად ვხელმძღვანელობ. არტთერაპია ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შთამაგონებელი მეთოდია. ის ადამიანს ეხმარება ემოციების თავისუფლად გამოხატვაში, შიდა დაძაბულობის შემცირებაში, სტრესის შემსუბუქებასა და შემოქმედებითი პოტენციალის გაღვივებაში. ეს არის პროცესი, სადაც ხელოვნება იქცევა თვითგამოხატვის, განტვირთვისა და შინაგანი ჰარმონიის მიღწევის უნიკალურ საშუალებად. პროგრამის ფარგლებში მზადდება:  • სანთლები პარაფინისა და ჟელეს გამოყენებით;  • ხელნაკეთი საპნები;  • მხატვრული ნამუშევრები მასტიხინით;  • ძველი ნივთების განახლება და დეკორირება დაძველების ეფექტის ტექნიკით Vintage Style. შემოქმედებითი პროცესის განმავლობაში მონაწილეები არა მხოლოდ ქმნიან ლამაზ და ორიგინალურ ნამუშევრებს, არამედ უკეთ აცნობიერებენ საკუთარ ემოციებს, ავითარებენ წარმოსახვას და იღებენ დადებით, გამაძლიერებელ გამოცდილებას.
– პარალელურად წერთ პროზას, ლექსებს… გამოვიდა კრებული „მე აღარ მცივა“…  რა შეიცვალა პირველი კრებულიდან მეორე წიგნამდე?
– ჩემი პირველი კრებულიდან მეორემდე საკმაოდ დიდი დრო გავიდა. ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა – გავიზარდე, დავაგროვე ცხოვრებისეული გამოცდილება, ზოგჯერ წინ წავიწიე, ზოგჯერ უკან დავიხიე, იყო რთული პერიოდებიც და იმედგაცრუებებიც. თუმცა არასოდეს გავჩერებულვარ და შემოქმედებისთვის არ მიღალატია. გავიარე სიხარულიც და ტკივილიც, სიყვარული და მონატრება, დანაკარგი და ახალი იმედები. სწორედ ამიტომ, ჩემი მეორე კრებული უფრო მომწიფებული, უფრო ღრმა და ცხოვრებისეულია. თუ პირველი კრებული ჩემი ახალგაზრდობის განცდებს ასახავდა, მეორე კრებულში უკვე მთელი ჩემი განვლილი გზაა თავმოყრილი. მასში ყველაფერი იკითხება – სიყვარული, ტკივილი, მონატრება, ბრძოლა, გამარჯვება და ის ცეცხლი, რომელიც წლების მიუხედავად ჩემს გულში დღემდე არ ჩამქრალა.
–  როგორ დაიწერა პროზაული თხზულება „წერილი მამას“…
– მამაზე საუბარი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემოციურია. მამაჩემი ჩემი სულის ტაძარია და ასე იქნება ყოველთვის. ის არის ადამიანი, რომლის სიყვარულმა, მაგალითმა და ღირებულებებმა ჩემი ცხოვრება ჩამოაყალიბა. მის ხსოვნას უდიდესი პატივით და მადლიერებით ვატარებ გულში, რადგან ის დღემდე ჩემი ძალის, რწმენისა და შთაგონების წყაროა.
ან უფრო მოკლედ:
„ …,, ო, ღმერთო ჩემო… ამას რას ვხედავ –
პირდაპირ ჩემკენ მოდის სიკვდილი…
უცხო მიწაზე, უცხო მოხუცთან თავშეფარებული, მე თვითონაც უკვე მოხუცი…
და მაინც – პირდაპირ ჩემკენ მოდის სიკვდილი…
არადა, სახლი მქონდა საყიდი… და არა ერთი .. ორი ან სამი…
ელოდებიან სიძე და რძალი…
მე რომ მცოდნოდა სიკვდილის მოსვლა, იმ გვირილებით მოხატულ კაბას მაინც ვიყიდდი…
და იმ თეატრის კულისებში ერთხელ მაინც გაგიღიმებდი…
როგორ მიყვარდი…
მე რომ მცოდნოდა…
გეფიცები, შენს ბაღში აპრილის ატმად ავყვავდებოდი…
მაგრამ მე ახლა – უცხო მიწაზე, უცხო მოხუცთან,
თავად ქცეული მოხუცი, ვზივარ
და ჩუმად ვუსმენ, როგორ მოაბიჯებს ჩემკენ სიკვდილი“…–  ლექსი – „აღარ მიყვარხარ“ თორღვამ აამღერა…
– განსაკუთრებით მიყვარს სიმღერა – „აღარ მიყვარხარ“, რომელსაც თორღვა ასრულებს.
ერთხელ ოჯახთან ერთად ვისვენებდით ქუშადაში, იზმირის სანაპიროზე. სასიამოვნო საღამო იყო, მთელი ოჯახი ერთად ვიყავით. სწორედ იმ საღამოს კიდევ ერთხელ მოვისმინე ეს სიმღერა და ის ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი გახდა.
თორღვას შესრულებაში ეს სიმღერა საოცარ სიღრმეს, ემოციასა და გულწრფელობას იძენს. ამიტომაც განსაკუთრებულად მიყვარს და ყოველთვის დიდი სითბოთი ვუსმენ. უზომოდ ვემადლიერები თორღვას და დიდი სიყვარულით ვუსურვებ მას წარმატებას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და შემოქმედებით წინსვლას.
– პროფესიული საქმიანობის პარალელურად, შემოქმედებით საქმიანობასაც ვერ წყდებით…  გაიმარჯვეთ კალიგრაფიის კონკურსში, მიღებული გაქვთ „ივერიას“ პრიზი“ და სხვ…
– დიდი მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიასპორის ფორუმს ამ შესაძლებლობისა და აღიარებისთვის. საქართველოს დიასპორის ფორუმში და კალიგრაფიის კონკურსში უკვე რამდენიმე წელია ვმონაწილეობ და ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი გაერთიანების წევრი, მათ შორის „პრემია ივერის“, ლეჟავას აკადემიის, აკადემიკოსი . ლიდერ ქალთა ასოციაციისა და მწერალთა კავშირის, ასევე აკადემია „გვირილის“ წევრი…
– სამომავლოდ რას აპირებთ. გეგმები…
– თითქოს გუშინ დავიბადე და ფეხი ავიდგი… დრო კი საოცარი სისწრაფით გარბის. უკვე გავაცნობიერე, რომ სიკვდილს ისევე ვუახლოვდებით, როგორც ყოველ დილით ამომავალ მზეს – მშვიდად, შეუმჩნევლად და გარდაუვალად. ამიტომ მინდა, რაც შეიძლება მეტი ვიმოგზაურო, გავეცნო მსოფლიოს კულტურებს, ადამიანებსა და მათ ისტორიებს.
სამომავლო გეგმებში მაქვს ჩემი ნამუშევრების გამოფენის მოწყობა, ჩემი მესამე კრებულის – „ჩემიდან ჩემამდე“ – გამოცემა.
მთელი ცხოვრება ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის პეპლის ეფექტით დავქრივარ… და ერთ დღეს აუცილებლად დავწერ ჩემს გამოცდილებებს. იქნებ ვინმეს გამოადგეს, იქნებ ვინმეს გზა გაუნათოს, ან უბრალოდ აგრძნობინოს, რომ ამ სამყაროში მარტო არ არის.

 

                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები