„დრაკონი, რომელმაც შეცვალა სამყარო“

1960-იან წლებში ჰოლივუდის გულში ერთი ადამიანი, ელვისებური რეფლექსებითა და მაგნიტური მიზიდულობით, სტერეოტიპებს არღვევდა და ცვლიდა მსოფლიოს ხედვას საბრძოლო ხელოვნების შესახებ. მისი სახელი იყო ბრიუს ლი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, მსახიობი და ფილოსოფოსიც კი, რომელიც გახდა მსოფლიო ფიგურა არა მხოლოდ მისი ფიზიკური შესაძლებლობებით, არამედ მისი გონებითა და სულით.

დაიბადა 1940 წლის 27 ნოემბერს სან-ფრანცისკოში. ლი ჯუნ ფანი (ბრიუსის დაბადების სახელი) ბავშვობაში ოჯახთან ერთად ჰონგ-კონგში დაბრუნდა. სწორედ იქ გაიზარდა ბრიუსი და შეხვდა იმ სირთულეებს, რომლებსაც ბრიტანული კოლონიალიზმი და აღმოსავლურ-დასავლური კულტურების შერწყმა იწვევდა. მცირე ასაკიდანვე ენერგიული და მეამბოხე იყო, ხშირად თავს იჩენდა ქუჩის ჩხუბებში. მამამისმა, ოპერის ცნობილმა მსახიობმა, ურჩია მას, შეესწავლა საბრძოლო ხელოვნება და საკუთარი ენერგია აქ დაეხარჯა.

13 წლის ასაკში ბრიუსმა ვინ-ჩუნის შესწავლა დაიწყო. მისი მასწავლებელი ლეგენდარული ოსტატი იპ მანი გახლდათ.  საბრძოლო ხელოვნება ბრიუსისთვის არ იყო მხოლოდ ბრძოლა – ეს იყო ცხოვრების წესი, ფილოსოფია, რომელიც თვითდისციპლინასა და გონებრივ სიმტკიცეზე იყო დაფუძნებული.

1959 წელს ბრიუსი შეერთებულ შტატებში უმაღლესი განათლების მისაღებად დაბრუნდა. ის სწავლობდა ფილოსოფიას ვაშინგტონის უნივერსიტეტში. სწორედ ამერიკაში დაიწყო მან საბრძოლო ხელოვნების სწავლება და მისი სხვადასხვა ფორმის შერწყმა საკუთარი ფილოსოფიის შესაქმნელად, რომელსაც Jeet Kune Do უწოდა. მან უარყო ის ტრადიციული ფორმები, რომლებსაც ზედმეტად ხისტად თვლიდა.

ბრიუსის სწავლების დინამიურმა სტილმა და მნიშვნელოვანმა იდეებმა ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მალე მან გახსნა საკუთარი სკოლები სიეტლში, ოკლენდსა და ლოს-ანჯელესში. თუმცა, საბრძოლო ხელოვნების ნიჭი მისთვის არ იყო საკმარისი – ბრიუსს სურდა, საკუთარი ხედვა მსოფლიოსთვის  ფილმის საშუალებით გაეზიარებინა.

იმ დროს, როდესაც აზიელი მსახიობები იშვიათად იღებდნენ მთავარ როლებს და ხშირად  მხოლოდ სტერეოტიპებით შემოიფარგლებოდნენ, ბრიუსმა, თავისი ქარიზმა და სპორტული შესაძლებლობებით, ეს მოჯადოებული წრე გაარღვია. ამერიკულ ტელევიზიაში რამდენიმე მცირე როლის შესრულების შემდეგ ბრიუსი დაბრუნდა ჰონგ-კონგში, სადაც არაერთ ფილმში ითამაშა. ფილმები, როგორიცაა: The Big Boss და Fist of Fury ნამდვილად გაჰიტდა, მაგრამ Enter the Dragon-მა განამტკიცა ბრიუს ლის სახელი, როგორც მსოფლიო სუპერვარსკვლავის. მისი ინტენსივობა, მოხდენილი მოძრაობები და ღრმა ფილოსოფია ამ ფილმებს გაცილებით მნიშვნელოვანს ხდიდა, ვიდრე უბრალოდ სათავგადასავლო ან მძაფრსიუჟეტიანი ფილმები იყო. კინოსურათები, ბრიუს ლის მონაწილეობით, კულტურული გარდატეხა აღმოჩნდა.

კადრი ფილმიდან: Enter the Dragon

ცხადია, ბრიუს ლის გავლენა ეკრანს გასცდა. მან დაამსხვრია რასობრივი ბარიერები ჰოლივუდში და გახდა ერთ-ერთი პირველი აზიელი მსახიობი, რომელმაც გლობალურ წარმატებას მიაღწია. მან აჩვენა, რომ საბრძოლო ხელოვნება არ იყო მხოლოდ ბრძოლა, ეს იყო გზა თვითრეალიზაციისკენ. მისი სწავლებები ხაზს უსვამდა გონებრივ მოქნილობასა და თვითგამოხატვის მნიშვნელობას.

ბრიუს ლის სიცოცხლე 32 წლის ასაკში შეწყდა. იგი 1973 წლის 20 ივლისს იდუმალ გარემოებებში გარდაიცვალა. მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, ბრიუსის გავლენა დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზარდა და უფრო მასობრივი გახდა. მისი ფილმები დღესაც შთააგონებს საბრძოლო ხელოვნების მოყვარულებს, სპორტსმენებს, მსახიობებსა თუ რიგით ადამიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები