შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
ბილსტრომმა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა და დასძინა, რომ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა და მასზე ბოლო თვეების განმავლობაში ფიქრობდა.
„ბოლო 25 წლის განმავლობაში პოლიტიკაში ბევრი სხვადასხვა როლი ვითამაშე, მათ შორის, 10 წელი მინისტრის პოსტზე“, – აღნიშნა ბილსტრომმა და თანამდებობაზე ყოფნისას მიღწევებს შორის შვედეთის ნატოში გაწევრიანება დაასახელა.
მინისტრმა განმარტა, რომ გეგმავს მთლიანად წავიდეს პოლიტიკიდან და ამიტომ საპარლამენტო მანდატსაც დატოვებს.
„რას გავაკეთებ შემდეგ ჯერ კიდევ ღია კითხვაა, მაგრამ მე მხოლოდ 50 წლის ვარ და მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, რომ წვლილი შევიტანო და ვიმუშაო სხვა გარემოებებში, სადაც ჩემი ერთგულება გამოდგება“, – დასძინა მან.
ტობიას ბილსტრომი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელმძღვანელობდა, რომელშიც ულტრამემარჯვენე შვედეთის დემოკრატებმა უმრავლესობა მოიპოვეს.