ჰარი ჰუდინი: სასიკვდილო ტრიუკების დიდოსტატი
მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰარი ჰუდინი მთელ მსოფლიოს ხიბლავდა სასიკვდილო ტრიუკებითა და შოუმენობით. ისტორიამ ის დაიმახსოვრა, როგორც ადამიანი, რომელმაც ილუზიონისტობა ნამდვილ სპექტაკლად აქცია.
დაიბადა 1874 წლის 24 მარტს ბუდაპეშტში, უნგრეთში. ჰუდინი რაბინის შვილი გახლდათ. მისი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში, როდესაც ის სულ რაღაც ოთხი წლის იყო და დასახლდა ეპლტონში, უისკონსინში. ბავშვობაში ჰუდინი მაგიით იყო გატაცებული და მეგობრებისა და ოჯახის წევრების გასართობად, მარტივ ხრიკებს ასრულებდა. თუმცა, ეს მხოლოდ მანამდე, სანამ თინეიჯერობისას ნიუ-იორკში გადავიდა და ილუზიონისტის კარიერას სერიოზულად მოჰკიდა ხელი.
პირველ წლებში ჰუდინი სახელის მოპოვებისთვის იბრძოდა. ის პატარა დარბაზებში გამოდიოდა, სანამ არ აღმოაჩინა, რომ მაყურებელი განსაკუთრებით ინტერესდებოდა ისეთი წარმოდგენით, რომელიც თავის დახსნასთან და გათავისუფლებასთან იყო დაკავშირებული. ამით, მან საკუთარი ნიშა იპოვა და უნარების დახვეწაც სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო.
გარდამტეხი მომენტი 1899 წელს დადგა, როდესაც მან მარტინ ბეკის, გამოჩენილი მენეჯერის ყურადღება მიიპყრო. ბეკმა დაინახა პოტენციალი და ჰუდინს გარკვეული რჩევებიც მისცა, რამაც შედეგი მალე გამოიღო. ის თავის დახსნის ისეთ სცენებს აწყობდა, მაყურებლებს სუნთქვა ეკვროდათ.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრიუკი იყო „ჩინური წყლის წამების საკანი“. მამაკაცი თავდაყირა იყო ჩამოკიდებული წყლით სავსე შუშის ავზში. სიკვდილისგან თავის დაღწევის მცდელობა აუდიტორიას ძალიან ხიბლავდა და ჰარის, როგორც „ხელბორკილების მეფის“, რეპუტაცია იზრდებოდა.
თუმცა, ჰუდინი უფრო მეტი იყო, ვიდრე ილუზიონისტი ან ბორკილებისგან თავის დაღწევის დიდოსტატი. მას ესმოდა მედიის ძალა, რომელსაც საკუთარი თავის ირგვლივ იდუმალებისა და დაუმარცხებლობის განცდის შესაქმნელად იყენებდა. ის ხშირად მიმართავდა ადგილობრივ პოლიციას, ჩაეკეტათ იგი ყველაზე დაცულ საკნებში, მხოლოდ იმისთვის, რომ გაქცეულიყო.
ჰუდინმა საკუთარი სხეულით უამრავ გამოწვევას გაუძლო. მისმა გარდაცვალებამ 1926 წლის 31 ოქტომბერს – ჰელოუინზე – მის გარშემო შექმნილ ლეგენდას მისტიკურობა კიდევ უფრო შემატა. თუმცა, რეალურად, გარდაცვალების მიზეზი აპენდიქსის გასკდომა გახდა.