ბექა ძამაშვილი: იმ კანონზე, სადაც იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, საქმიანობის შეზღუდვა, სტრასბურგის სასამართლომ არც დააჩქარა, 9 წლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. ეს ერთი საქმე კარგი სახელმძღვანელოა
ეკო დიფენსის საქმეზე ძალიან კარგი ფაქტი დაფიქსირდა გასაანალიზებლად. სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში 2013 წელს და როდის გამოვიდა გადაწყვეტილება? – 2022 წელს, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო განხილვაზე.
„ეკო დიფენსის საქმეზე ძალიან კარგი ფაქტი დაფიქსირდა გასაანალიზებლად. სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში 2013 წელს და როდის გამოვიდა გადაწყვეტილება? – 2022 წელს. მე გესაუბრებით იმ კანონზე, სადაც იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ლიკვიდაცია, საქმიანობის შეზღუდვა და ა.შ. და ერქვა მძიმე სახელი – აგენტი იყო პირდაპირ სახელწოდებაში. ამ საქმეზეც კი, ამ კანონთან მიმართებითაც კი, სტრასბურგის სასამართლომ არც დროებითი ღონისძიება გამოიყენა, არც დააჩქარა, 9 წელი იხილავდა და 9 წლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ანუ ეს თავისთავად აჩვენებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ ჩათვალა, რომ შესაძლოა, დამდგარიყო ისეთი ზიანი, რომელიც მერე ვეღარ გამოსწორდებოდა. სხვა შემთხვევაში, მერწმუნეთ, რომ 9 წელი არ მოანდომებდა განხილვას. იმ სახელმწიფოს კანონზე დარღვევა როდესაც დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ, საინტერესოა, რა დააკისრა სახელმწიფოს. სტრასბურგის სასამართლომ მხარეს დააკისრა მხოლოდ ზიანის ანაზღაურება. ევროპული სასამართლო თუ საქმე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და მიიჩნევს, რომ პირდაპირ თვითონ უნდა მიუთითოს, ავალებს ხოლმე სახელმწიფოს, მათ შორის, ზოგად ღონისძიებებს, მაგალითად, საკანონმდებლო ცვლილებებს.
ეკო დიფენსის საქმეზე ასე არ ჩათვალა. ანუ ის კანონი, რომელზეც ლიკვიდაცია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მძიმე სახელდება, საქმიანობის შეზღუდვა, იმ კანონთან მიმართებითაც კი არ ჩათვალა, რომ თვითონ უნდა მიეთითებინა, და როდესაც მინისტრთა კომიტეტმა უკვე კონკრეტული ღონისძიებები დააკისრა სახელმწიფოს, რა იყო? – ეს იყო ზიანის ანაზღაურება, გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმება ან ხელახალი ჩატარება და ა.შ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ რაც უნდა კანონმა თეორიულად რაიმე დარღვევა გამოიწვიოს რომელიმე ადამიანის უფლების, ეს ვერ იქნება გამოუსწორებელი, ეს ზიანი ავტომატურად გამოსწორებადია სამართლებრივი გზებით და, შესაბამისად, განმწესრიგებელ სხდომაზე, ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი სამსჯელო – ხომ არ დადგება გამოუსწორებელი ზიანი და ცალკე აღებული ეს ერთი საქმე სტრასბურგის სასამართლოსი, ვფიქრობ, კარგი სახელმძღვანელოა – შესაძლებელია თუ არა გამოუსწორებელი ზიანის დადგომა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.