10 ყველაზე ლამაზი ქალი ისტორიაში (ნაწ.1)

სილამაზის აღქმა სუბიექტურია და კულტურისა და ეპოქის მიხედვით, განსხვავებულიც. „ყველაზე ლამაზი ქალის“ იარლიყს, ძირითადად, იმ ცნობილ ადამიანებს ანიჭებენ, რომლებმაც ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს. სია, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, რასაკვირველია, არ შეიძლება, ობიექტური იყოს, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ჩამონათვალს ბევრი ადამიანიც დაეთანხმება.

1. კლეოპატრა VII

კლეოპატრა VII ფილოპატორი ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალია პტოლომეების მაკედონიური დინასტიიდან. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვე არ გამხდარიყო. საყოველთაოდ ცნობილი გახდა იულიუს კეისართან და მარკუს ანტონიუსთან სასიყვარულო კავშირის გამო. კეისრისგან ვაჟი ეყოლა, ანტონიუსისგან კი, ორი ვაჟი და ქალიშვილი.

კლეოპატრა თავის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდების გმირად, მისმა ტრაგიკულმა აღსასრულმა კი, მის რომანტიზაციას შეუწყო ხელი.

კლეოპატრას იხსენიებენ პლუტარქე, აპიანი, იოსებ ფლავიუსი და სხვ., თუმცა, ძველი ცნობები მისადმი მთლად კეთილგანწყობილნი არ ჩანან. მაგალითად, ძველი რომაული წყაროები ასეთ ინფორმაციასაც კი გვაწვდიან: „ის იმდენად გარყვნილი იყო, რომ ხანდახან მეძავობდა კიდეც, მისი სილამაზით დაბრმავებულ ბევრ მამაკაცს, მასთან ერთი ღამის გატარების საფასურად, თავიც კი წაუგია“.

2.ელენე

ელენე ძველ ბერძნულ მითოლოგიაში უმშვენიერესია მიწიერ ქალთა შორის, ზევსისა და ლედას ასული, დიოსკურებისა და კლიტემნესტრას და. ელენემ შორს გაითქვა სახელი თავისი მშვენიერებით. იგი, ჯერ კიდევ ნორჩი, მოიტაცეს თესევსმა და პირითოოსმა და გადამალეს ატიკაში. მას თესევსის დედა უვლიდა. დიოსკურებმა მიაგნეს დის კვალს და იგი შინ დააბრუნეს. მის ხელს მრავალი ეძიებდა, მათ შორის იყო ოდისევსიც. ელენე ცოლად გაჰყვა მენელაოსს და გაუჩინა ქალიშვილი, სახელად ჰერმიონე. სამი ქალღმერთის (ჰერას, ათენას და აფროდიტეს) ცნობილი დავის შემდეგ ელენემ, აფროდიტეს შთაგონებით, ტროას მეფისწული პარისი შეიყვარა. მან მიატოვა თავისი ქმარ-შვილი, სამეფო სასახლე და ზღვით მოსულ სტუმარს გაჰყვა ტროაში. მენელაოსმა შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და მშვენიერი მეუღლის დასაბრუნებლად გაემართა.

ასე დაიწყო საქვეყნოდ ცნობილი ტროას ომი, რომელმაც მრავალი სახელოვანი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. პარისის დაღუპვის შემდეგ ელენე ცოლად გაჰყვა მის ძმას, დეიფობოსს, რომელიც ტროას დამხობისთანავე მენელაოსს მოაკვლევინა და მასთან ერთად დაბრუნდა მშობლიურ სპარტაში.

3.ნეფერტიტი

ეფერტიტი ეგვიპტის დიდი დედოფალი, ამენჰოტეპ IV-ის (მოგვიანებით ეხნატონი) მეუღლე და ფარაონ ტუტანხამონის სიდედრია. სავარაუდოდ, ის თავადაც იყო მმართველი, სახელით – ნეფერნეფერუატენი – მცირე ხნით, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და ტუტანხამონის გამეფებამდე.

საქვეყნოდ ცნობილი გახდა მისი ბიუსტის აღმოჩენიდან (ამჟამად ბერლინის ახალ მუზეუმში). ბიუსტი ეკუთვნის სკულპტორ ჯუტმოსს და ნაპოვნი იყო მის სახელოსნოში. ბიუსტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის დოკუმენტური ფაქტია ძველ ეგვიპტელთა წარმოდგენებზე რეალისტურ სახის პროპორციების შესახებ.

4.მერილინ მონრო

მერილინ მონრო „ოქროს გლობუსის“ მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი და სილამაზის ეტალონი, ასევე სექსსიმბოლო გახლავთ. მერილინ მონრო არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ ფორბსის „ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების“ სიაში.

ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ადრეული 1960-იანი წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე“ ის სერიოზულ როლებზე მუშაობდა და მისი წარმატება მისივე დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას აღემატებოდა.

5.პრინცესა დიანა

დიანა, უელსის პრინცესა, გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრის, პრინც ჩარლზის (შემდგომში ჩარლზ III-ის) პირველი ცოლი გახლდათ. დიანამ პრინცი ჩარლზი საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო, 1981 წელს კი ცოლად გაჰყვა. ერთი წლის თავზე პირველი ვაჟი პრინცი უილიამი შეეძინათ, 1984 წელს კი მეორე ვაჟი ჰარი დაიბადა.

დიანა ძირითად დროს შვილების აღზრდას უთმობდა და თითქმის აღარსად ჩნდებოდა, თუმცა არასდროს მიუტოვებია ის, რაც ყოველთვის ძალიან უყვარდა — ქველმოქმედება. რამდენიმე წელში ჩარლზსა და დიანას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა დიანას ჯეიმზ ჰევითთან ურთიერთობის შესახებ. თანაც, დიანა ვერ ეგუებოდა სამეფო კარის ცხოვრებას, რაც 1995 წელს განქორწინებით დასრულდა.

დიანა ახლა უფრო მეტ დროს უთმობდა ქველმოქმედებას. ჩარლზთან გაყრიდან რამდენიმე თვეში მან დოდი ალფაედი გაიცნო, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. დიანას დოდი შეუყვარდა, დოდის კი — დიანა. ის ბედნიერი იყო, რომ გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარდა.

1997 წლის ზაფხულში ისინი პარიზში ისვენებდნენ. 31 აგვისტოს დიანა და დოდი ავტოკატასტროფაში მოყვნენ, რის შედეგადაც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებობს ვერსია, რომ დიანასა და დოდის სიკვდილი უბედური შემთხვევით გამოწვეული არ იყო. თვლიან, რომ დიანას ეს მოუწყვეს. ამასთან, ადანაშაულებენ ექიმს, რომ მან არ მოახდინა სწრაფი რეაგირება. ამ თემასთან დაკავშირებით, დოდი ალფაედის მამამ ფილმიც გადააღებინა სახელად „კრიმინალური მკვლელობა“, რომელიც დიდ ბრიტანეთში აკრძალულია.

ნაწ.1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები