„თბილსერვის ჯგუფმა“ ვარკეთილში გარე განათების ქსელი მოაწყო

ვარკეთილის დასახლებაში, ჯავახეთისა და კუპრაძის ქუჩებზე გარე განათების ქსელი მოეწყო. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 58 ერთეული 12-მეტრიანი მრავალსანათიანი საყრდენი ბოძი და 696 ცალი პროჟექტორი დამონტაჟდა. ქსელის სიგრძე 3 200 მეტრია.

განათების ახალი სისტემა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ვარკეთილში ე.წ. ბაბლთაურების მოწყობის პირველი ეტაპი დავასრულეთ, რამაც სრულიად შეცვალა ამ ქუჩების იერსახე. სამომავლოდ მეორე ეტაპს დავიწყებთ, რომლის ფარგლებშიც კუპრაძის ქუჩის ბოლომდე და ზედგენიძის ქუჩაზე კიდევ 40-მდე ასეთივე განათების ბოძი დამონტაჟდება“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

„სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დავალებით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა შეასრულეს. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 799 578 ლარს შეადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები