ირაკლი კობახიძე: 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ბნელ წარსულში დაბრუნებასა და საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს შორის

რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ სად იქნებოდა დღეს საქართველო. საქართველო დღეს იქნებოდა იმაზე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს იმყოფება ჩვენი მეგობარი ქვეყანა – უკრაინა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არ დაემორჩილა უმძიმეს ზეწოლას მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ქვეყანას შეუნარჩუნეს მშვიდობა, რაც უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„ჩვენ არ დავემორჩილეთ კოორდინირებულ უმძიმეს ზეწოლას მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, არ დავემორჩილეთ მოთხოვნას სანქციებთან მიერთებისა და მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას ეკონომიკურ კატასტროფას და ომს მოუტანდა, და უდიდესი რისკის ფასად, ქვეყანას მშვიდობა შევუნარჩუნეთ. ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომლის თანადგომის გარეშე, ამ მასშტაბის ზეწოლას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავუძლებდით. დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამისათვის.

26 ოქტომბერს ტარდება ზუსტად ისეთივე მნიშვნელობის მქონე რეფერენდუმი, როგორიც 2012 წელს ჩატარდა. ეს არის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, აგენტურის მმართველობასა და დემოკრატიული საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას შორის, მკრეხელობის პროპაგანდასა და მორალურ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. ამ ვითარებაში დამეთანხმებით არჩევანი ძალიან ადვილია“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები