დაიბადა ირანის ფერეიდანში. ოჯახში შეაყვარეს და ასწავლეს ქართული ენა. ხატვის სიყვარულიც ოჯახიდან დაიწყო… ბევრს ხატავდა ფერეიდანის მთებს, ბუნებას, ხეებს, პორტრეტებს. ირანში რამდენიმე კონკურსში გაიმარჯვა კიდეც.
ამჟამად საქართველოში ცხოვრობს და მოღვაწეობს. სამომავლოდ აპირებს გამოფენების მოწყობას, ასევე თავისი კალიგრაფიით „ვეფხისტყაოსნის“ თავიდან ბოლომდე გადაწერას, შესაბამისი ილუსტრაციებითა და ქართული ორნამენტებით გაფორმებას. – ფერეიდანელი ქართველის, თვითნასწავლი მხატვრის – არსენ ონიკაშვილის პერსონა.
– დავიბადე 1981 წლის 26 მარტს ქალაქ მარტყოფში (ირანულად ფერეიდუნშაჰრი). ჩვენი ქალაქი ფერეიდანის ქართული რეგიონის ცენტრია. მშობლებიდან დედა ცოცხალი მყავს, მამა კი სამი წლის წინ გარდაიცვალა. დედაჩემის გვარი ზუბიტაშვილია. მშობლებმა მასწავლეს საქართველოს სიყვარული და პატრიოტიზმი. ბავშვობიდან ვფიქრობდი წინაპართა ოცნების ასრულებაზე, ანუ საქართველოში დაბრუნებაზე. სახლში ვისწავლე ქართული ანბანი და შემდეგ ქართულ წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების ხშირი კითხვით ვისწავლე თანამედროვე ქართული.
ჩვენ სახლში ფერეიდანულ დიალექტზე ვსაუბრობთ. ჩვენი ოჯახისთვის ქართული ენა წმინდაა და ამიტომ მშობლებთან და და-ძმებთან მხოლოდ ქართულად ვსაუბრობ. ყოველივე ეს დღემდე გრძელდება და ჩვენი ულამაზესი ენისადმი სიყვარული უფრო და უფრო ძლიერდება. მყავს ორი და და სამი ძმა. მიხარია, რომ მშობლებმა გააჩინეს და გაზარდეს ბევრი შვილი. ისინიც ძალიან პატრიოტები არიან.
საინტერესო ის დრო იყო, როდესაც მივხვდი, რომ მე ვლაპარაკობდი განსხვავებულ ენაზე და ჩემი წინაპრები კი წარმოშობით საქართველოდან იყვნენ.
ძალიან პატარა ვიყავი, როცა ბებიის დედა მიყვებოდა, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა და ჩვენი ვართ ძალით გადმოსახლებული ფერეიდანში (ბებიას დედა 115 წლის ასაკში გარდაიცვალა).
მე ვკითხე – ტელევიზორში სხვანაირად რატომ ლაპარაკობენ-მეთქი, ან რატომ არის, რომ მეზობელ სოფლებსა და ქალაქებში სხვანაირები არიან და ისინი ყველანი სხვანაირად ლაპარაკობენ-მეთქი?
ჩემს ოჯახში ბავშვობიდანვე დიდი სითბო და სიყვარული იყო. მშობლები ხელს მიწყობდნენ, რომ ბევრი მეხატა.სახლის ერთ-ერთი ოთახის კედლები სავსე იყო ქანდაკებებით და ამოტვიფრული რელიეფებით. ყველაფერი ჩემი გაკეთებული იყო. მშობლებს ძალიან უხაროდათ.
– პირველი ნამუშევრები?
– ბავშვობიდანვე ვხატავდი და მაშინვე მივხვდი, რომ ხატვა კარგად მეხერხებოდა. იმდენი ნახატი დამიხატავს, რომ ვერ დავთვლი – წიგნებზე, რვეულებზე, გაზეთებზე, კედლებზე და ნივთებზე.
პირველ ნამუშევრებზე დავხატე ადამიანები მუშაობის დროს, ხეხილის მოვლის და ვენახების მორწყვისას, ძველი სახლები და ფერეიდანის მთები. ზოგი ნახატები უკავშირდებოდა ფერეიდანელების გადასახლებას ირანში.
– ფერეიდანული ჩანახატები, იქაური ბუნება, ხედები, ადამიანები… რომელ ნახატს გამოარჩევდით ფერეიდნული ნამუშევრებიდან?
– მრავალი ნახატი დავხატე ბუნებაზე. ფერეიდანი მთიანი რეგიონია და უმეტესად ვხატავდი მთებს, ბუნებას და ხეებს. პორტრეტებსაც ვხატავდი. 14 წლის ასაკში აკრილით დავხატე შაჰ-აბასის შემოსევა კახეთში. ფერეიდანის რამდენიმე გამოფენაში ამ ნახატით ვმონაწილეობდი.
– როდის ჩამოხვედით საქართველოში?
– 2006 წელს ჩამოვედი საქართველოში. ძალიან მიხაროდა, ფეხი რომ დავდგი საქართველოს მიწაზე… და დავიჩოქე და ვაკოცე საქართველოს მიწას. ავიხდინე ბავშვობის ოცნება.
– ცხოვრობთ საქართველოში, პროფესიით იურისტი ხართ... ალბათ პროფესიით მუშაობთ. როგორ ახერხებთ ხატვას და მუშაობას ერთდროულად?
– დავამთავრე იურიდიული, თუმცა ამ პროფესიით არ ვმუშაობ. ძალიან გამომადგა იურიდიული განათლება. კომპანიაში, სადაც ვმუშაობ, მენეჯერული საქმიანობის გარდა, ვთარგმნი იურიდიულ დოკუმენტაციას, ხელშეკრულებებს და სხვადასხვა დოკუმენტს.
მაშინ ვფიქრობდი, რომ ამ იურისტად გავაგრძელებდი მუშაობას, მაგრამ სხვა მიმართულება ავირჩიე. შემდეგ მივხვდი, რომ აჯობებდა, სამხატვრო აკადემიაში მესწავლა.
– დახატული გაქვთ ქართველი მეფეები „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები… ჭურჭელზედაც გამოსახეთ…
– ფერეიდანში დავხატე ერთი დიდი ზომის ნახატი, რომელზედაც გამოსახულია თანამედროვე თბილისი, ღრუბლებიდან მეტეხის ეკლესიის ეზოში ჩამოსული არიან ჩვენი მეფეები. ამ ნახატით იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენი წინაპრების გზა უნდა გავაგრძელოთ. ისინი გვიყურებენ და აკვირდებიან ჩვენს ქმედებებს. ნახატი, სამწუხაროდ, ვერ დავასრულე, რადგან საქართველოში ჩამოვედი.
მინდოდა ყველა გამოჩენილი ქართველი დამეხატა. „ვეფხისტყაოსანს“ პერსონაჟების დახატვა გადავწყვიტე, ოღონდ მინდოდა ჩემი კალიგრაფიით გადამეწერა „ვეფხისტყაოსანი“, გამეფორმებინა ქართული ორნამენტები და პერსონაჟები.ჭურჭელზეც ვხატავდი. ძალიან კარგი იყო ის დრო, როცა პირველად დავიწყე ქართულ თემატიკაზე ხატვა. არ ვიღლებოდი და დიდი სიყვარულით ვხატავდი. ეს პროცესი დღესაც გრძელდება.
– ხატავთ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს…
– ვხატავ შავ-თეთრ ნახატებს ტუშით, ასევე შავი ფანქრით – რეალისტურ ნახატებს.
ბოლო წლებში დავიწყე უფრო ღრმა შინაარსის ნახატების დახატვა ტუშით. ასევე ვხატავ ზეთოვანი საღებავით დიდი ზომის ნახატებს ტილოზე.
– გრაფიკული ჩანახატები, როგორც უწოდებენ „ჭკვიანი“ ნახატები ფილოსოფიური სიღრმით გამოირჩევა…
– ასეთი ნახატები დაკავშირებულია ადამიანის აზრებთან და სულთან. ისინი თავისით იბადება და შემდეგ იხატება ქაღალდზე. მაგალითად, როცა ვზივარ, მუზა თავისით მომდის, უცებ გონებაში იბადება რაიმე აზრი და მაშინვე ვიწყებ ხატვას. არ ვცდილობ რამის დამატებას ან წაშლას. მთლიანი ნახატი გონების კარნახით და ყველანაირი დაგეგმვის გარეშე მოდის და იქმნება.
– ერთი ნახატის ისტორია.
– ფერეიდანში გავიმარჯვე ხატვის კონკურსში და დამაჯილდოვეს. ფერეიდანში ძალიან ბევრჯერ ავიღე პირველი ადგილი და შესაბამისი ჯილდოებიც გადმომცეს. ფერეიდანში რომ გავიმარჯვე, ჩემი ნახატი გააგზავნეს ისპაჰანში (ჩვენი რეგიონის დედაქალაქი) და იქიდან გამომიგზავნეს მოწვევა უფრო დიდი მასშტაბის კონკურსიდან. მე ჩემი მოკრძალებული რაოდენობის ფუნჯები და საღებავები ავიღე და ჩავედი ისპაჰანში.
როცა შევედი იმ ცენტრში, სადაც ტარდებოდა კონკურსი, გამიკვირდა – უამრავი მხატვარი მოსულიყო ძალიან კარგი აღჭურვილობით, დიდი და დახვეწილი მოლბერტებით და ზემოდან უყურებდნენ ყველას. დავსხედით. ამოვიღეთ ფუნჯები და საღებავები. სამწუხაროდ, გაციებულიც ვიყავი. როგორც იქნა, ძალა მოვიკრიბე და შევუდექი საქმეს.რამდენიმე ნივთი დადეს მაგიდაზე და თქვეს, ან ეს ნივთები დახატეთ, ან ამ ნივთებისგან რამდენიმე შეარჩიეთ და დახატეთო. უცებ მომივიდა აზრად ის, რომ ერთ მხარეს დავხატე ხილი და მეორე მხარეს – სიგარეტის კოლოფი. სადაც ხილი იდო, ზემოთ ფანჯარა დავხატე, იქიდან სინათლე ჩამოდიოდა და სადაც სიგარეტის კოლოფი იდო, სიბნელე დავხატე და კვამლი… ამ ნახატით შევადარე ორი განსხვავებული პროდუქტი. იმ დანარჩენებმაც დახატეს სხვადასხვა რამეები. ერთი კვირის შემდეგ მე გამომაცხადეს გამარჯვებულად. ძალიან მიხაროდა, გადმომცეს უმაღლესი ჯილდო. ამის შემდეგ ირანის მასშტაბითაც სამჯერ გავიმარჯვე.
– შთაგონება?
– ვფიქრობ, ეს ადამიანის გონებაშია ჩადებული, თავისით მოდის და წინასწარი გეგმით არ იქმნება, არ იბადება.
– საყვარელი მხატვრები?
– ძალიან მომწონს ფიროსმანის ნახატების ფერები. სხვა ქართველი მხატვრების ნახატებიც, როგორიცაა ლადო გუდიაშვილი, პეტრე ოცხელი, გიგო გაბაშვილი, დავით კაკაბაძე, ეთერი ჭკადუა, ბრუნო ვეფხვაძე.
უცხოელი მხატვრებისგან ზდისლავ ბექსინსკი, სალვადორ დალი, პიკასო, ვან გოგი, რემბრანდტი, და ვინჩი, მიქელანჯელო და სხვა მხატვრები.
– ულამაზესი კალიგრაფია გაქვთ. კონკურსშიც გაიმარჯვეთ. როგორ სწავლობდით ქართულ ენას? რომელი ტექსტის დაწერა გიყვართ ქართულად?
– დიახ, ემიგრანტებში მეორე ადგილი ავიღე. ჩემს ოჯახში ფერეიდანული ქართულად ვისწავლე ქართული. 7 წლის რომ ვიყავი, ვისწავლე ქართული ანბანი სახლში გოგებაშვილის „დედაენით“. ძალიან მიყვარს ქართული კალიგრაფია და სულ ვწერდი.ამ წინადადებას ვწერ ხოლმე – „საქართველო, ჩვენი სამშობლო“.
– ნატვრა, რომელიც ვერ აგისრულდათ…
– ძალიან მინდოდა ჩემს პაპას და მამას ენახათ საქართველო, მაგრამ ვერ მოხერხდა მათი გარდაცვალების გამო.
– ჰობი…
– მუსიკა.
– გამოფენები, ჯილდოები…
– ფერეიდანში რამდენჯერმე გამოვფინე ნახატები, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა გამოფენებში მონაწილეობის მიღება.
– სამომავლო გეგმები.
– მინდა სიცოცხლის ბოლომდე ვიცხოვრო საქართველოში და ხელოვნებაში დიდი გამოცდილება მივიღო. აგრეთვე შევქმნა ძალიან ღრმა შინაარსის ნახატები, დიდი ზომის და მაღალი დონის. ასევე მინდა ქართველი მეფეების ქანდაკებები შევქმნა, ჩემი კალიგრაფია კი უფრო დავხვეწო, და როცა საკმარისი გამოცდილება მექნება, ვგეგმავ „ვეფხისტყაოსნის“ თავიდან ბოლომდე გადაწერას, შესაბამისი ილუსტრაციებითა და ქართული ორნამენტებით გაფორმებას.
თამარ შაიშმელაშვილი