ირანი უარყოფს დასავლეთის მოწოდებებს, თავი შეიკავოს ისრაელზე თავდასხმისგან
ირანმა უარყო დასავლეთის მოწოდებები, უკან წაიღოს ისრაელის მიმართ მუქარა, რომელიც მან პალესტინური რადიკალური დაჯგუფება “ჰამასის” ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მოკვლის საპასუხოდ გამოთქვა,- ამის შესახებ “ბიბისი” იუწყება.
დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ორშაბათს სატელეფონო საუბრისას მოუწოდა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს, რომ შეაჩეროს სამხედრო თავდასხმის მუქარა.
ასევე, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მოუწოდებენ ირანსა და მის მოკავშირეებს, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან, რომლებიც რეგიონულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნასერ ქანანიმ განაცხადა, რომ ირანის მიმართ ასეთი თხოვნა მოკლებულია პოლიტიკურ ლოგიკას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და წესებს და წარმოადგენს საჯარო და პრაქტიკულ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ.
პეზეშკიანმა თქვა, რომ ირანის კანონიერი უფლება და დანაშაულის შეჩერების გზა შურისძიება იყო.
ისრაელმა, რომელსაც არ დაუდასტურებია, რომ ჰანიეს მკვლელობაში მონაწილეობდა, განცხადებების ფონზე თავისი სამხედროები მზადყოფნის მაღალ დონეზე გადაიყვანა.