“ევოლუშენის” თანამშრომლებმა აქცია გამართეს და მოითხოვენ გაფიცულმა თანამშრომლებმა მუშაობის საშუალება მისცენ
„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების შემდეგ, აქცია ამავე კომპანიის მოქმედმა თანამშრომლებმა გამართეს.
მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ გაფიცულმა თანამშრომლებმა, სხვა მოქმედ თანამშრომლებს უსაფრთხოდ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცენ.
როგორც აქციის ერთ-ერთი წევრი და მოქმედი თანამშრომელი აცხადებს, ის მენეჯერები გათავისუფლებულები არიან სამსახურიდან, რომლებიც თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
„დღეს ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი არის ის, რომ უბრალოდ გაფიცულმა თანამშრომლებმა, მოგვცენ იმის უფლება, რომ უსაფრთხოდ, ჩვენივე ნებით შეგვიშვან სამსახურში და ვიმუშაოთ.
რაღაც საერთო პრობლემებზე ყველა თანხმდებოდა, მაგრამ სხვადასხვა გზებით ვცდილობდით ამის მოგვარებას. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილებაა აქ მუშაობა და ამაში ხელი არავინ უნდა შეგვიშალოს, მიუხედავად პრობლემებისა…
ჩვენი მოთხოვნა და თხოვნაა, რომ ჩემით არჩეულ სამსახურში, რაღაცნაირად მომეცეს საშუალება, რომ შევიდე და ვიმუშაო“, – განაცხადა „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელმა თამუნა მუსერიძემ.