ნელი ბლაი – ერთ-ერთი საუკეთესო გამომძიებელი ჟურნალისტი ისტორიაში

ნელი ბლაი დაიბადა კოკრანს-მილზში, არმსტრონგის საგრაფოში, პენსილვანიაში, რომელიც პიტსბურგიდან 65 კილომეტრში მდებარეობს. მისი მამა, ყოფილი მოსამართლე, გარდაიცვალა, როდესაც გოგონა ექვსი წლის იყო. სამი წლის შემდეგ დედა გათხოვდა, მაგრამ განქორწინდა, როდესაც ელიზაბეტი 14 წლის იყო.

ახალგაზრდობაში გოგონამ თავის გვარს ასო „ე“ დაამატა და კოკრეინი (Cochrane) გახდა.

1880 წელს ოჯახი საცხოვრებლად პიტსბურგში გადავიდა. 1885 წელს ელიზაბეტმა რეპორტიორად დაიწყო მუშაობა გაზეთ „Pittsburgh Dispatch-ში“. მანამდე გაზეთმა ქალების მიმართ დისკრიმინაციული სტატია გამოაქვეყნა. პუბლიკაციის საპასუხოდ, კოკრეინმა მკაცრი წერილი გაუგზავნა გაზეთის რედაქტორს. წერილმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ რედაქტორმა ახალგაზრდა ქალს სამუშაო შესთავაზა. იმ პერიოდში ქალი ჟურნალისტები ხშირად იყენებდნენ ლიტერატურულ ფსევდონიმებს. კოკრეინმა აირჩია ფსევდონიმი „ნელი ბლაი“, სტივენ ფოსტერის სიმღერის სათაურის მიხედვით, რომელიც იმ დროს ძალიან პოპულარული იყო.

თავდაპირველად, ბლაი გაზეთში აქვეყნებდა ნარკვევებს პიტსბურგის ქარხანაში მომუშავე ქალების გაჭირვებაზე, ღარიბების ცხოვრებასა და მსგავს თემებზე, მაგრამ რედაქტორებმა აიძულეს იგი, გაეკეთებინა ის, რითაც მაშინ ჟურნალისტიკაში ქალების მოღვაწეობა შემოიფარგლებოდა – დაეწერა სტატიები მაღალი საზოგადოების ცხოვრების, მოდის, მებაღეობის და მსგავსი საკითხების შესახებ. ბლაი, რომელიც არ ეთანხმებოდა ასეთ მიდგომას, 1886-1887 წლებში გაემგზავრა მექსიკაში, საიდანაც აგზავნიდა ნარკვევებს მექსიკელების ცხოვრების შესახებ: აღწერდა მექსიკაში ღარიბების მძიმე ყოფას და ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას. ერთ-ერთ სტატიაში ბლაი, მექსიკის მთავრობის კრიტიკის გამო, ადგილობრივი ჟურნალისტის დაკავებას ეწინააღმდეგებოდა. ასე რომ, ნელი დაპატიმრების მუქარით გააძევეს ქვეყნიდან. მოგვიანებით, მისი სტატიები გაერთიანდა და კრებულის სახით გამოიცა, სათაურით – „ექვსი თვე მექსიკაში“.

1887 წელს ბლაიმ დატოვა „Pittsburgh Dispatch-ი“ და გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც მუშაობა დაიწყო ჯოზეფ პულიცერის „New York World“-ში. მისი ერთ-ერთი პირველი წამოწყება სიგიჟის სიმულაცია გახლდათ, რათა  ქალთა ფსიქიატრიულ თავშესაფარში მოხვედრილიყო და კლინიკის პაციენტების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები გამოევლინა. ფსიქიკური აშლილობის და ამნეზიის სიმულაციით, ბლაიმ მოახერხა რამდენიმე ექიმის შეცდომაში შეყვანა. მან კლინიკაში ათი დღე გაატარა. მოგვიანებით, გამოაქვეყნა სტატია იმ საშინელი პირობების შესახებ, რომელშიც საავადმყოფოს პაციენტები იმყოფებოდნენ.

სტატია სენსაცია გახდა და გამოიწვია ის, რომ მსგავსი ტიპის საავადმყოფოებში არსებული ვითარებით არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ ხელისუფლებაც დაინტერესდა. ამ ყველაფრის შედეგად, მნიშვნელოვნად გაზარდა საქველმოქმედო დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიუჯეტი.

ფსიქიატრიულ თავშესაფარში მომხდარი მოვლენების გაშუქების შემდეგ, ნელი ბლაის სახელი ფართოდ გახდა ცნობილი. ხალხმა მას „ქალბატონის სენსაცია“ უწოდა. ერთ დღეს ნელიმ თავის რედაქტორს, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობით, ჟიულ ვერნის წიგნის გმირის რეკორდის გაუმჯობესება შესთავაზა. „New York World-ის“ ერთ-ერთ რეგულარულ ნომერში გამოქვეყნდა განცხადება, რომ კარგად ცნობილმა ნელი ბლაიმ ფილეას ფოგის რეკორდის მოხსნა გადაწყვიტა და მსოფლიოს შემოვლას 80 დღეზე ნაკლებ დროში აპირებდა. ნელი მსოფლიო ტურნეზე 1889 წლის 14 ნოემბერს გაემგზავრა. გზაში მან გადაუხვია მარშრუტს, რათა თავად ჟიულ ვერნისგან აეღო ინტერვიუ. როდესაც გოგონამ მიზანს მიაღწია, ცნობილმა მწერალმა დეპეშა გაუგზავნა „New York World-ის“ რედაქციას:

მე ეჭვი არ მეპარებოდა ნელი ბლაის წარმატებაში. მან აჩვენა თავისი გამძლეობა. ყოჩაღ მას!

ჟიულ ვერნი

ნელიმ მიაღწია თავის მიზანს. მამაცმა ბლაიმ, გამოგონილი პერსონაჟისგან განსხვავებით, იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ზუსტად 72 დღეში, 6 საათსა და 10 წუთში, ეწვია ინგლისს, საფრანგეთს (სადაც შეხვდა ჟიულ ვერნს), იტალიას, სინგაპურს, იაპონიას და ა.შ.

რაც უფრო პოპულარული ხდებოდა, მით უფრო რთული იყო მისთვის საგამოძიებო ჟურნალისტური საქმიანობის წარმართვა, რადგან ყველგან ცნობდნენ. ნელი ბლაიმ გააცნობიერა, რომ ჟურნალისტის კარიერა უნდა მიეტოვებინა. იგი ასეც მოიქცა და დაქორწინდა მილიონერ რობერტ საიმონზე, რომელიც მასზე 42 წლით უფროსი იყო. მათ ბედნიერებას ჩრდილს აყენებდა ის ფაქტი, რომ რობერტის შვილები უკიდურესად უარყოფითად იყვნენ განწყობილნი ნელის მიმართ. წყვილს არ ჰყოლია საკუთარი შვილები. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტობას ჩამოშორდა, ნელი „Iron Clad Manufacturing Co“-ის პრეზიდენტი გახდა, რომელიც ამზადებდა ფოლადის კონტეინერებს, რძის ქილებს და ქვაბებს. იგი დაქვრივდა 1904 წელს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნელი ბლაი იყო ერთ-ერთი წამყვანი ქალი მეწარმე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ თანამშრომლების მხრიდან გაფლანგვის გახშირებულმა შემთხვევებმა იგი გაკოტრებამდე მიიყვანა და ბლაი იძულებული გახდა, ჟურნალისტის პროფესიას დაბრუნებოდა. იგი ამზადებდა რეპორტაჟებს 1913 წლის სუფრაჟისტების აღლუმიდან და პირველი მსოფლიო ომის აღმოსავლეთ ფრონტიდან. პარალელურად, აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ობლებს.

American journalist, industrialist, inventor, and charity worker Nellie Bly (1864 – 1922), UK, January 1922. (Photo by Topical Press Agency/Hulton Archive/Getty Images)

ნელი ბლაი გარდაიცვალა პნევმონიით ნიუ-იორკის წმინდა მარკის ჰოსპიტალში 1922 წლის 27 იანვარს, 57 წლის ასაკში. დაკრძალეს ბრონქსის ვუდლაუნის სასაფლაოზე. თავისი საინტერესო ცხობრების განმავლობაში, მან საგამოძიებო ჟურნალისტიკის ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები