ისნის რაიონში საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში, საქართველოს ეროვნული გმირის, შინდისის ბრძოლის მონაწილის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ გახსნა.
მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ვალია ახსოვდეს, თუ რა გამოიარა ქვეყანამ აგვისტოს ომის დროს და ახსოვდეს ის სახელოვანი გმირები, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს.
„გვაქვს პატივი, გავხსნათ, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ვაჟკაცის, საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის, სახელობის ქუჩა. თითოეული ჩვენგანის ვალია გვახსოვდეს, თუ რა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ აგვისტოს ომის დროს და გვახსოვდეს ის სახელოვანი გმირები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისთვის დაცვას ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს და ამით თავდადებისა და ვაჟკაცობის მაგალითი დაგვიტოვეს“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი კახა ლაბუჩიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარე კობა კობალაძე.
ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატები, ალექსანდრე ონიანის ოჯახის წევრები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ლოჯისტიკური სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თავდაცვის სამინისტროს სამხედროები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„შინდისის გმირი“, უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, 27 წლის ასაკში გმირულად დაიღუპა. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსან (გარდაცვალების შემდეგ) სამხედროს 2021 წელს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა.