საკურორტო ქალაქში მომხდარი სასტიკი მკვლელობა, რომელიც დღემდე ვერავინ გამოიძია
როდესაც მკვლელობა ხდება, პირველყოვლისა, იმ ადამიანებს ეძებენ, რომელთაც შესაძლოა, მკვლელობის მოტივი ჰქონოდათ. თუ დანაშაული სპონტანურად, სერიული მკვლელის ან ფსიქოპათის მიერ არის ჩადენილი, ეს გამოძიებას ძალიან ართულებს. შესაბამისად, დღემდე არაერთი სასტიკი მკვლელობაა გამოუძიებელი. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ჩრდილოეთ კალიფორნიის საკურორტო ქალაქ კედიში ჩადენილი ჯგუფური მკვლელობა, რომლის დროსაც, 1981 წლის 11 აპრილს უცნობმა თავდამსხმელებმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.
მოვლენები Kaddy Resort-ის დასასვენებელ ბანაკში, N28 სასტუმროში განვითარდა. სასტიკი მკვლელობის მსხვერპლნი იყვნენ 36 წლის გლენა შარპი, მეტსახელად სიუ, მისი 12 წლის ქალიშვილი ტინა, 15 წლის ვაჟი ჯონი და ჯონის 17 წლის მეგობარი დეინ უინგეიტი. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ სიუს 14 წლის ქალიშვილი შეილა, 3 წლის ვაჟი გრეგორი და 8 წლის რიკი.
11 აპრილის საღამო გამორჩეული იყო. ოჯახმა ივახშმა და დასაძინებლად მზადება დაიწყო. შეილამ დედას ნებართვა სთხოვა, ღამე ახლომდებარე N28 სასტუმროში გაეტარებინა, სადაც Kaddy Resort-ის კომენდანტის, ჯეიმს სიბერტის ოჯახი ცხოვრობდა, რომლის ქალიშვილთანაც შეილა მეგობრობდა.
12 აპრილის დილით შეილა ოჯახთან დაბრუნდა და სასტუმროში საშინელი სურათი დახვდა. მისი დედა სიუ, ძმა ჯონი და ჯონის მეგობარი დეინი ოთახის სხვადასხვა ბოლოში სისხლის გუბეში იწვნენ. მათი ცხედრები დაჩეხილი და დაჭრილი იყო, ხელები და ფეხები კი, ვიღაცას ლენტით შეეკრა. ოთახის ინტერიერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს, ოჯახს მენსონის სექტის წარმომადგენელი ეწვია. ყველაფერი სისხლით იყო გაჟღენთილი. ავეჯსა და კედლებსაც კი ეტყობოდა დანის კვალი.
ორი უმცროსი ბავშვი თავდამსხმელებს გადაურჩა, მაგრამ ისინი შოკში იყვნენ. 12 წლის ტინა ოთახში არ იყო. ბავშვების თქმით, გვიან საღამოს სახლში ორი უცნობი ადამიანი დიდი დანებით შეიჭრა. მათ დედა, ჯონი და დეინი დააბეს და სასტიკი წამება დაუწყეს.
თავდამსხმელები დანებსა და ჩაქუჩებს იყენებდნენ, რამაც მსხვერპლებს სერიოზული, თუმცა არასასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ამასთანავე, ისინი აწამებდნენ მათ. ეს პროცესი 10 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც მანიაკებმა სამი მათგანი მოკლეს, ტინა კი, თან წაიყვანეს და წავიდნენ.
დანაშაულის ადგილზე პოლიცია და FBI-ის აგენტები მივიდნენ. გამომძიებლებმა ამ საქმეში ბევრი უცნაური ფაქტი აღმოაჩინეს. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ სახლი, რომელშიც სიბერტების ოჯახი ცხოვრობდა – სადაც შეილამ ღამე გაათია – სულ რაღაც 5 მეტრში მდებარეობდა. ხის სასტუმროს კედლები თხელი იყო, მაგრამ მეზობლებს ღამით ხმა არ გაუგიათ. ასევე, არავის უნახავს, როგორ მივიდნენ მკვლელები კურორტზე და როგორ წავიდნენ, თან ბავშვიც გაიტაცეს.
ჯგუფური მკვლელობა პოლიციის საუკეთესო ექსპერტებმა გამოიძიეს, მაგრამ ვერც ერთი მინიშნება ვერ აღმოაჩინეს. ასევე, ვერ მოხერხდა გატაცებული ტინას პოვნა. იგი დაკარგულად ითვლებოდა 1984 წლამდე, სანამ მის თავის ქალას სხვა ტურისტულ ბანაკში აღმოაჩენდნენ. მანძილი Caddy Resort-სა და საშინელი აღმოჩენის ადგილს შორის 80 კმ-ზე მეტი იყო.
შარპების ოჯახის წევრების ხოცვა-ჟლეტამ Caddy Resort-ის რეპუტაცია გაანადგურა. ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ნაკლები დამსვენებელი სტუმრობდა ამ ადგილს. გავრცელდა ჭორები, რომ ღამით N28 სასტუმროდან კივილისა და კვნესის ხმა ისმოდა, ფანჯრებში კი, ჩრდილებს მოკრავდით თვალს
დროთა განმავლობაში, ბანაკი დავიწყებას მიეცა. მის ტერიტორიაზე ღამეს უსახლკაროები და არალეგალი მიგრანტები ათევდნენ. 2004 წელს ბანაკის მფლობელმა დაანგრია სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა, მაგრამ ამან ბიზნესი ვერ გადაარჩინა. ოდესღაც აყვავებული რეკრეაციული ცენტრის ტერიტორია ახლა ცარიელია.