იაგო ხვიჩია “ვივამედის“ ხელმძღვანელს ვესაუბრე, მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც, ორის ნაცვლად, უკვე სამი ოთახი აქვს და ტელევიზორიც
“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ აქვს.
ხვიჩიას თქმით, “ვივამედის” ხელმძღვანელს ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ექსპრეზიდენტი ახალ, უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს.
“ვერ მივხვდი, რაზე იყო ატეხილი ეს ქარიშხალი ჭიქაში, ალბათ უახლოეს საათებში ნათელი მოეფინება, ბატონ სააკაშვილს აქვს თუ არა ტელევიზორი. ვფიქრობ, ეს იყო დისკუსიის მთავარი საგანი. რაც შეეხება სააკაშვილის ციხეში გადაყვანა-არგადაყვანის საკითხს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი თავად უნდა ითხოვდეს ამას. მისი გუნდი კი უნდა ითხოვდეს იმას, რომ სადაც არ უნდა იყოს სააკაშვილი, მასთან შეხვედრისა და პოლიტიკური კონსულტაციების საშუალება წინასაარჩევნოდ მიეცეს. სააკაშვილი მაინც ციხეში ზის და „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს სალაპარაკო, რომ სანატორიუმშია, ისვენებს. ასევე, იმის გამო, რომ საავადმყოფოში არ ეძლევა საშუალება, პარლამენტის წევრებს და თავის თანაგუნდელებს შეხვდეს. შეიძლება, დიდად არ ღელავენ „ნაცები“, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მაინცაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და სჯობს, წესიერად იყოს ჩართული. ახლაც ციხეში მგონია სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ამბობს, სასტუმროშიაო. მე მისი დაკავების დღიდან ეჭვი არ შემპარვია, რომ დღესაც ციხეშია. საუბარი არის სხვანაირ საკანში ჯდომაზე და ვინაიდან საკნებს შორის განსხვავება მაინცდამაინც არსებითად თავისუფლების ხარისხს არ აუმჯობესებს, მე სალაპარაკოს არ მივცემდი „ქართულ ოცნებას“. მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური ადგილმდებარეობა – არც ისე და არც ასე – არ მოახდენს გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე. მოახდენს ის, მას ექნება თუ არა კავშირი თავის თანაგუნდელებთან და იქნება თუ არა ჩართული საარჩევნო პროცესში. ეს უნდა იყოს ძირითადი მიმართულება „ნაციონალური მოძრაობის“, – განაცხადა დეპუტატმა.