ლეგენდარული მოხეტიალე მუსიკოსი – ილიკო ქურხულის ისტორია
მოხეტიალე მუსიკოსი ილია (ილიკო) პეტრეს ძე ქურხული 1885 წლის 7 აპრილს თბილისში დაიბადა. მამამისი საგარეჯოელი გლეხის შვილი იყო და ოჯახს წვრილმანი ვაჭრობით არჩენდა, დედის წინაპრები კი, კუმისელი მეზურნეები იყვნენ.
მშობლები ილიკოს დაბადებამდე გადმოვიდნენ თბილისში საცხოვრებლად, სადაც მამამისმა ძეხვის ქარხანა გახსნა.
ქურხულებს მუსიკალური ოჯახი ჰქონდათ. პატარა ილიკომ სიმღერა დედისა და ბიძებისგან ისწავლა. საერთოდ, სიმღერამ ისე გაიტაცა, რომ უბნის ბიჭებისაგან პატარა გუნდი შეადგინა და საღამოობით ქუჩაში ამღერებდა. იცოდა ძველ თბილისელ აშუღთა ჰანგები და ქართული ხალხური სიმღერები, უკრავდა ჩანგზე და სტვირზე. მისი ბიძები ცნობილი მედოლეები და მეზურნეები იყვნენ. დედაც მღეროდა და ვენურ გარმონზე უკრავდა.
პატარა ილიამ დაწყებითი განათლება კერძო პანსიონში მიიღო, შემდეგ სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს, რომელიც არ დაუსრულებია.
სასულიერო სემინარიაში სწავლაზე მეტად საინტერესო ილიკოსთვის ქალაქში, კუნძულ მადათოვზე ეზო-ეზო ხეტიალი და მესტვირეების მოსმენა იყო. უყვარდა თეატრიც, მსახიობობა და ხშირად მართავდა კლასში შესვენების დროს „წარმოდგენა-ფუკუსებს“, რისთვისაც სასწავლებლიდან გაურიცხავთ.
მოგვიანებით თბილისის საიმპერატორო მუსიკალურ სასწავლებელში გააგრძელა სწავლა, მაგრამ მისი დამთავრებაც ვერ შეძლო. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, დედა ხელს უწყობდა შვილის დაინტერესებას მუსიკითა და მსახიობობით, მამა კი სასტიკი წინააღმდეგი იყო მისი ამგვარი გატაცებისა. მას სურდა, შვილიც ვაჭრობით დაკავებულიყო და ორჯერ ვიოლინოც კი გაუტეხა.
მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა, ილიკო 1904 წელს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ფილარმონიულ-კონსერვატორიაში ვიოლინოს სპეციალობით ჩაირიცხა ბ. სიბორის კლასში. მოსკოვის კონსერვატორიაში გაიცნო და დაუახლოვდა კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილს…
1906 წელს, რევოლუციური იდეების გამო, ილიკო სასწავლებლიდან გარიცხეს, რის შემდეგაც დაიწყო მისი, როგორც მოხეტიალე მუსიკოსის მოღვაწეობა. უკრავდა ღარიბ-ღატაკი უბნების ეზოებში. თავდაპირველად ასრულებდა კლასიკური სავიოლინო ლიტერატურულ ნიმუშებს (პატარა პიესებს), შემდეგ რეპერტუარში შეიტანა ქართული ხალხური მელოდიები. შემოიარა რუსეთისა და უკრაინის მრავალი ქალაქი.
თავად ილიკო ქურხული ასე იხსენებს იმ რთულ დროს:
„სახლის პატრონები მაგდებდნენ ეზოებიდან, მეეზოვენი მცემდნენ, პოლიცია მატუსაღებდა, ამხანაგ-მეგობრები ახლო აღარ მეკარებოდნენ“…
ასეთი მძიმე ყოფის მიუხედავად, მუსიკოსი რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმყოფებოდა მოსკოვში, აგრეთვე ბელორუსიაში, ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და ფინეთში. 1913 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ფეხით შემოიარა მთელი საქართველო, გამოდიოდა ეზოებში, კლუბებში, სკოლებში.
ილიკო ქურხული თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მოგზაურობდა თავისი განუყრელი ვიოლინოთი, სად აღარ ყოფილა და სად არ უცხოვრია. მას ხშირად შეხვდებოდით არა მარტო თბილისის ქუჩებში, არამედ მატარებელში, ან კახეთის გზაზე ჩანთამოკიდებულს თავის განუყრელ ველოსიპედზე, რომელსაც იგი ფოლადის ცხენს უწოდებდა.
„მე მოხეტიალე მუსიკოსს მეძახიან, ეზოებში გასამრჯელოსათვის კი არ დავდივარ, არამედ იმიტომ, რომ ხალხს მუსიკა შევაყვარო. ამაზე უკეთესი მისია რა უნდა შეასრულოს ხელოვანმა?,“ – ამბობდა მუსიკოსი.
1916 წელს მოსკოვში მოეწყო სრულიად რუსეთის სახალხო თეატრების პირველი სხდომა, რომელშიც ი. ქურხული მისივე მოხსენებით იყო მიწვეული. თავის გამოსვლაში მან ღარიბ-ღატაკი ხალხისთვის თეატრის აშენება მოითხოვა. სამწუხაროდ, მისი იდეა განუხორციელებელი დარჩა.
რუსეთის ათზე მეტი ქალაქის მოვლის შემდეგ, 1916 წელს ილიკო კვლავ დაბრუნდა საქართველოში. აქედან მოყოლებული, დამოუკიდებლობის წლების ჩათვლით, მშობლიურ საგარეჯოში გასართობ წარმოდგენებს მართავდა. თანამშრომლობდა პრესასთან.
მისი ინიციატივით, 1918-1920 წწ. სამჯერ გამოვიდა გაზეთი „ჩემი საქმე“ ქართულ და რუსულ ენებზე. ეწეოდა საქველმოქმედო მოღვაწეობას. ბავშვთა სწავლა-განათლებისათვის ფულს აგროვებდა და შემოწირულობებს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან არსებულ ქალთა კომიტეტს უგზავნიდა.
ნ. სულხანიშვილის მიერ ნოტებზე გადატანილი მესტვირული მელოდიების გაცნობის შემდეგ რაჭაში იმოგზაურა, გუდასტვირზე დაკვრა ისწავლა და პოპულარიზაცია გაუწია საკრავს. იმოგზაურა სვანეთშიც. ჩანგის გაუმჯობესებისათვის სახალხო მუსიკოსის წოდება მიენიჭა.
1921-1927 წწ. იმჟამინდელი ხელისუფლების სურვილითა და დახმარებით, მეუღლესთან ერთად იმოგზაურა ევროპაში. პირველად თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებს ეწვია, 1922 წელს კი, სოფიაში გადავიდა. ბულგარეთში იგი გამოდიოდა კონცერტებით, მოხსენებებით და ლექციებით სკოლებში, უნივერსიტეტებში, კლუბებსა და პედაგოგთა წრეებში. ბულგარეთში ოთხი წლის განმავლობაში დარჩა. სიმღერითა და დაკვრით 600-მდე ქალაქი და სოფელი, 3000-მდე სკოლა და უთვალავი ეზო-ქუჩა შემოიარა. ბულგარულ ენაზე გამოსცა წიგნი ქართული ხალხური სიმღერების შესახებ. ერთ ხანს პარიზშიც ცხოვრობდა.
1927 წელს კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და განაგრძო მუსიკალური მოღვაწეობა. ფანდურით, გუდასტვირითა და ჩანგით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა. მუშაობდა ქართული ხალხური საკრავების (განსაკუთრებით სტვირის) გაუმჯობესებაზე.
1930 წელს გამოაქვეყნა წიგნი “მუსიკა ბავშვებისთვის”. 1932 წელს დაამზადებინა სპეციალური მუსიკალური ვაგონი – კლუბი “საგულთენო”, რომლითაც 1941 წელს მოსკოვში გაემგზავრა. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და 1953 წლამდე აგრძელებდა მოღვაწეობას.
გარდაიცვალა 1954 წლის 24 სექტემბერს თბილისში.
ილიკო ქურხულის მეუღლე ნინო მათიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი იყო. ფილოლოგიის ფაკულტეტზე ასწავლიდა კლასიკურ ბერძნულ ენას. მათმა შვილმა, გიორგიმ მეორე მსოფლიო ომში თავი შესწირა ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებას ფაშიზმისაგან, რისთვისაც მას ეროვნული გმრის წოდება მიანიჭეს.
ნინა მათიაშვილს კი 1968 წელს, პრაღაში, ჩეხებისა და სლოვაკების დემონსტრაციაზე ხელში აყვანილს ატარებდნენ, როგორც საბჭოეთიდან ერთადერთ ადამიანს, ვინც მხარში ამოუდგა აჯანყებულებს და მთელი თავისი ოქროს სამკაულები აჯანყებული ხალხის დახმარების სასარგებლოდ გადასცა.