როგორ მიიღეს ვარდებმა ეკლები – მეცნიერებმა 400 000 000-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს
ეკლიანი ვარდი დიდი ხანია, პოეტების საყვარელი გამოსახულებაა – ის ლამაზია და ამავე დროს, საშიშიც. ბევრ სხვა სახეობის მცენარესაც აქვს ეკლიანი დამცავი მექანიზმი – მაგალითად, მაყვალს, ჟოლოს და ზოგიერთი სახეობის პომიდორსაც კი.
ახალმა კვლევამ აჩვენა, თუ როგორ შეძლეს სრულიად განსხვავებულმა მცენარეებმა, რომლებიც ცალ-ცალკე ვითარდებოდნენ, მილიონობით წლის განმავლობაში, შეეძინათ საერთო თვისება – ეკლები.
კვლევის შედეგები, როგორც CNN იუწყება, სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
ეკლები გაჩნდა, მინიმუმ, 400 მილიონი წლის წინ. მაშინ გამოჩნდნენ გვიმრები და მათი ნათესავები, რომელთაგან ზოგიერთს ეკლიანი ღეროები ჰქონდა. მას შემდეგ, ევოლუციის სხვადასხვა პერიოდში, ეს თვისება ქრებოდა და ჩნდებოდა.
ეკლები არის ევოლუციურად ჩამოყალიბებული დაცვითი ფუნქცია ბალახისმჭამელებისგან. ისინი, ასევე, ხელს უწყობენ მცენარეებს შორის კონკურენციის გაზრდას და წყლის შეკავებას. ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ეკლების გაჩენის მიზეზი გახლდავთ გენების უძველესი ოჯახი, რომელიც ცნობილია, როგორც Lonely Guy, ან LOG.
ანალიზისთვის მეცნიერებმა მცენარეთა სხვადასხვა სახეობას, მათ შორის, ვარდებსა და ბადრიჯანს ეკლები ამოუღეს. მათ აღმოაჩინეს, რომ LOG გენი პასუხისმგებელია 20 სახეობის ეკლიანობაზეა პასუხისმგებელი.
კვლევის თანაავტორის, ზაქარი ლიპმანის თქმით, LOG-თან დაკავშირებული გენები ყველა მცენარეშია, ხავსებშიც კი. ისინი პასუხისმგებელნი არიან ციტოკინინის ჰორმონის გააქტიურებაზე, რომელიც უჯრედების გაყოფისა და გაფართოებისთვისაა მნიშვნელოვანია და გავლენას ახდენს მცენარის ზრდაზე.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებობდა ერთი საერთო ეკლიანი წინაპარი, შემდეგ კი, 400 მილიონი წლის განმავლობაში, ეკლები ყველა დანარჩენზე გავრცელდა და დროდადრო იკარგებოდა კიდეც. ისინი, რეალურად, საკმაოდ მარტივად ჩნდებიან სხვადასხვა ხაზში,“ – აღნიშნა ლიპმანმა.
ამ კვლევამდე, ეკლების მოცილების სხვა მეთოდის გამოყენებით, მეცნიერები ცდილობდნენ, გამოეყვანათ მცენარეები, რომლებიც ეკლებს ბუნებრივად დაკარგავდნენ. ამიტომაც, დღეს არსებობს ვარდების ზოგიერთი სახეობა ეკლის გარეშე.
და ახლა, როდესაც აღმოჩენილია ეკლებზე პასუხისმგებელი გენი, მეცნიერებს შეუძლიათ მათი ამოღება გენომის რედაქტირების გამოყენებით. ეკლის მოცილებამ სოფლის მეურნეობაში შეიძლება, გააადვილოს მოსავლის აღება და გზა გაუხსნას ნაკლებად ცნობილ პროდუქტებს ქალაქის მაღაზიებისკენ.