შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა
შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კურორტზე მოვარდნილმა ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა, ასევე მანქანები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები და მოგლიჯა ხეები.
სტიქიური უბედურება დაახლოებით 16:00 საათზე დაიწყო, რომლის შედეგად 26 ჰექტარი ტერიტორია და მასზე განლაგებული ტურისტული ნაგებობები ხუთი მილიონი კუბური მეტრი მიწის ტალახოვანმა მასამ დაფარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ცხედრების მოძიების სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. სამუშაოებში ჩართული იყო სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
გარდა ამისა, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.
სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით 210 ადამიანი გამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოებში მომხდარიდან პირველივე საათებში, 400 მეხანძრე მაშველი ჩაერთო.
სპეციალისტების დასკვნით, 2023 წლის 3 აგვისტოს, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.
აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა.
შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ:
- ზაზა მესხი; მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი;
- ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა;
- დავით ბერიაშვილი;
- სამირა ისაევა;
- გიორგი გოგინაშვილი;
- ქსენია ტრიჩევა;
- და-ძმა – მეგი და გიგი გუტაშვილები;
- ნინო კენჭაძე;
- და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი
- გენადი სულთანიშვილი;
- და-ძმები – ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე;
- და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები;
- თემურ ჩარკვიანი;
- ნიკა ჩალაძე;
- სოფო ბაკურაძე;
- გვანცა ბუბაშვილი;
- სალომე ხეთაგური;
- დიტო ფირცხალავა;
- მარინა ხორბალაძე;
- ქეთევან ლობჟანიძე;
- მანანა ჯაჭვაძე;
- ლევან რაზმაძე.
მომხდარის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამასთან, 2023 წლის 15 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, რომ შოვში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები ერთჯერადი დახმარების სახით 20 ათას ლარს მიიღებდნენ.