სომხეთის ეკლესია ფაშინიანს ანტიეკლესიური კამპანიის წამოწყებაში ადანაშაულებს

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის უმაღლესმა სასულიერო საბჭომ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია ქორწინების აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათალიკოსი. ფაშინიანი ფიქრობს, რომ სომხეთის კათალიკოსის არჩევისას გადამწყვეტი სიტყვა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს.

სომხეთის ეკლესია ქვეყნის პრემიერ-მინისტრს „ანტიეკლესიური კამპანიის წამოწყებაში“ ადანაშაულებს.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ კიდევ ერთი კამპანია დაიწყო, სადაც სახელმწიფო მოღვაწისთვის შეუფერებელი ენით, შეურაცხყოფითა და ბრალდებებით თავს კანონზე მაღლა აყენებს.

უცენზურო ენით სავსე პუბლიკაციები მოკლებულია ზრდილობის ელემენტარულ ნორმებს, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და უხეშად შეურაცხყოფს მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, უმაღლესმა სასულიერო საბჭომ განაცხადა, რომ მსგავსი პოზიცია პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი და წარმოადგენს მცდელობას, დააკნინონ სომხური ეკლესიისა და მისი სასულიერო პირების ავტორიტეტი.

“ასეთი ქმედებები ყოფს საზოგადოებას, ასუსტებს ერის სულისკვეთებას და პატრიოტიზმის მაღალ შეგნებას, განსაკუთრებით მიმდინარე გამოწვევების კონტექსტში. ასეთი ინიციატივები ემსახურება გარე არმენოფობიური ძალების ამბიციებს, გარკვეულწილად დაკავშირებულია აზერბაიჯანული პროპაგანდისტული მანქანის მიერ სომეხი ხალხისა და სომხური ეკლესიის მიმართ წაყენებულ ცილისწამებასა და ცრუ ბრალდებებთან. სომხური ეკლესია მტკიცედ გააგრძელებს ერის შენარჩუნების, დესტრუქციული პროცესების წინააღმდეგ ბრძოლის მისიას. ეკლესიის საკითხები წყდება ეკლესიის კანონების შესაბამისად და სცილდება სახელმწიფო და პოლიტიკური ფიგურების იურისდიქციას”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები