ლენტეხის მუნიციპალიტეტში დარიშხან შემცველი ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობა მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცანას ტერიტორიაზე სარკოფაგის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 50500 მ3 მოცულობის სარკოფაგში დარიშხანის შემცველი ნარჩენები განთავსდება.
აღსანიშნავია, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცანას ტერიტორიაზე, მდინარე ყორულდაშის მახლობლად დარიშხანის მომპოვებელი და გადამმუშავებელი საწარმო ფუნქციონირებდა. 90-იან წლებში, აღნიშნული საწარმოს დაშლის შემდგომ, ადგილზე დარჩა დარიშხანშემცველი ნარჩენები, რომელთა უსაფრთხო განლაგებისთვის დაწყებულია აღნიშნული სარკოფაგის მშენებლობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, დარიშხანშემცველი ნარჩენების საცავის მოწყობის მიზნით ჩატარდა კვლევები და მომზადდა ანგარიშები. ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავებისა და შემდგომში მისი განხორციელების მიზნით, ექსპერტებისა და მოსახლეობის მონაწილეობით, გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა, განისაზღვრა პრიორიტეტები უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად და დაიგეგმა პირველადი დაცვითი ღონისძიებების ჩატარება. კერძოდ, მომზადდა პროექტი დარიშხანის ყოფილ საწარმო ტერიტორიაზე სარკოფაგის მშენებლობისთვის. 2024 წელს დასრულდა მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირის, წყალგამტარი არხისა და სალექარის მშენებლობის სამუშაოები; აშენდა 224 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირი, რომელიც წყალდიდობის შემთხვევაში დაიცავს დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგს წარეცხვისაგან; გაკეთდა 350 მეტრის სიგრძის რკინაბეტონის არხი, სარკოფაგის ტერიტორიის დატბორვისა და დაჭაობებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროს ნინო უტიაშვილთან ერთად სოფელ ცანაში იმყოფებოდნენ უფროსის მოადგილეები – მუხრან შამათავა და ლევან წიტაიშვილი, ასევე, რაჭა-ლეჭხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი და ლენტეხის მერი გია ონიანი.