თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ ნავალნის გაცვლა რუსეთთან შეთანხმების ფარგლებში იგეგმებოდა
აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლება დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის თაობაზე მიმდინარე შეთანხმების ნაწილი უნდა ყოფილიყო.
სალივანის თქმით, შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად შეთანხმებაზე მუშაობდა, რომელიც ალექსეი ნავალნისაც ეხებოდა“.
„სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა“, – დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციამ საჯაროდ დაადასტურა მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან ალექსეი ნავალნის გასათავისუფლებლად.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არქტიკის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა.