“ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური სპეკულაცია სკოლის მიმართ” – თბილისის №51 საჯარო სკოლა განცხადებას ავრცელებს

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლის თანამშრომლის, მანანა ღვინჯილიას შესახებ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ღვინჯილია პოლიტიკური ნიშნით იქნა გათავისუფლებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურდა თანამშრომლის გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული მოვალეობისადმი.

სკოლა მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ ცილისწამებისგან.

“ვეხმიანებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას იმის შესახებ, რომ თითქოს ქალბატონი მანანა ღვინჯილია, სსიპ – გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლიდან გათავისუფლებულ იქნა პოლიტიკური ნიშნით. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება სკოლის დისკრედიტაციას.

მოგახსენებთ, რომ მანანა ღვინჯილია სკოლაში განსაზღვრული იყო დასუფთავება-ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პირად და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორად. მისი გათავისუფლება მოხდა არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ არაერთი დისციპლინური გადაცდომის გამო. არსებული ფოტო- და ვიდეომასალებით დგინდება მისი გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული მოვალეობისადმი. აქვე გაცნობებთ, რომ გათავისუფლებამდე მას მიეცა შენიშვნა და შემდეგ უკვე საყვედური. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, მან ჯეროვნად არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რის გამოც 2024 წლის 18 ივლისს მასთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური სპეკულაცია სკოლის მიმართ და მოვუწოდებთ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის განცხადებებისა და ცილისწამებისაგან”, – წერია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები