საგარეჯოს მერია: სოფელ შიბლიანში ე.წ „თუთუბიაანთ“ უბანში გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
სოფელ შიბლიანში ე.წ. „თუთუბიაანთ“ უბანში გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი პირველ მოადგილესთან – ემზარი კუჭუაშვილთან და სოფელ შიბლიანის მერის წარმომადგენელთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება მიულოცა.
„მე ამაყი ვარ, რომ ჩემი მერობის პერიოდში ასეთი მნიშვნელოვანი და მართლაც ისტორიული პროექტები ხორციელდება. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სხვა დანარჩენ პროექტებთან ერთად, წელს, შევძელით და შიბლიანელებს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადავუჭერით. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით 684 655 ლარით ფინანსდება.
აქვე აღვნიშნავ, რომ პარალელურად ამ სოფელში სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. საკომუნიკაციო სისტემის მოწყობა დაწყებულია და მალე სოფელ შიბლიანს მოწესრიგებულ საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად სასმელი წყლის საკითხიც მოუგვარდება“, – აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.
მერიის ცნობით, ადგილობრივმა მოსახლეობამ თვითმმართველობის პირველ პირებს მადლობა გადაუხადეს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის და მხარდაჭერა აღუთქვეს.